მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა LisiWine 2024 წელს აგროტურისტულ ობიექტს ხსნის - ინვესტიცია ₾1 მლნ-ია

ლისივაინი

მეღვინეობა LisiWine, 2024 წლის თებერვალში აგროტურისტულ ობიექტს ხსნის.

მეღვინეობა LisiWine ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და 7 სახეობის იმერულ და კახური ჯიშის ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. მეღვინეობა ლისის ტბის მიმდებარედაა განთავსებული, ხოლო ვენახები კახეთში აქვს გაშენებული.

როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელმა მარიკა ჯანელიძემ BMG-სთან განაცხადა, აგროტურისტული ობიექტის მშენებლობა 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის მარნის ტერიტორიაზეა განთავსებული. აგროტურისტული ობიექტის სრულად მოწყობისთვის, მეღვინეობამ 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მისივე თქმით, ობიექტი მომხმარებელს ქართულ, ავთენტურ გემოებს, სადეგუსტაციო სივრცეებსა და ქართული ქვევრის ღვინოებს შესთავაზებს. მისივე ცნობით, ჯერ კიდევ გაუხსნელ ობიექტზე დაინტერესება უკვე არსებობს და მომავალი წლის თებერვალში პორტუგალიიდან ტურისტებს ელოდებიან.

„კახეთში საკუთარი 50 წლოვანი ვენახები გვაქვს გაშენებული და იმერული და კახური ჯიშის ღვინოებს ვაწარმოებთ“, - აცხადებს ჯანელიძე.

როგორც საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებელი, ილია მესხიშვილი BMG-სთან განმარტავს, აგროტურისტული ობიექტი ძველ იმერულ ხის სახლს, HACCP-ის სტანდარტის მქონე სამზარეულოსა და სადეგუსტაციო სივრცეებს გააერთიანებს.

„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ სტუმრების ადგილზე დატოვება არ შეგვიძლია, მაგრამ გეგმაში გვაქვს გაფართოება და აუცილებლად გვექნება ეს სერვისიც“, - განაცხადა მესხიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები