მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეღვინეობა LisiWine 2024 წელს საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

ღვინო

მეღვინეობა LisiWine 2024 წელს საექსპორტო ბაზრებს აფართოებს.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, მარიკა ჯანელიძემ BMG-ს განუცხადა, LisiWine ამ დრომდე ექსპორტს პორტუგალიაში ახორციელებდა. ამ ეტაპზე კი, მოლაპარაკებები ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკასთან მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, მეღვინეობა ლისის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ვენახები კახეთში აქვს გაშენებული.

„დაახლოებით 6-7 სახეობის კახური და იმერული ღვინის სახეობას ვაწარმოებთ. პორტუგალიაში ექსპორტს კი 2 წელია ვახორციელებთ. ჩვენი პროდუქციით, ექსპორტზე ძირითადად ღვინის ბარები და ჰორეკა სექტორი მარაგდება.

პორტუგალიაში ჩატარებული ქვევრის ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ვიღებდით მონაწილეობას და ამ ბაზრისგან ჩვენი ქვევრის ღვინოებზე ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა ,“-აცხადებს ჯანელიძე.

რაც შეეხება საექსპორტო მოცულობებს, მეღვინეობის თანადამფუძნებელი, ილია მესხიშვილი BMG-სთან აღნიშნავს, რომ პორტუგალიაში სტაბილურად 5000 ბოთლი ქვევრის ღვინოს ექსპორტი ხორციელდება, თუმცა მისივე თქმით, მომავალში ამ მოცულობების 8 000 ბოთლამდე ზრდაა შესაძლებელი.

„ვფიქრობთ, რომ მეტი რესურსი გვაქვს და მეტის წარმოება შეგვიძლია. საგრანტო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ტექნიკა გვეყიდა. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება მოცულობების ზრდაც. ამ ეტაპზე კი, ჯამში წლის ჭრილში 20000 ბოთლის წარმოება შეგვიძლია,“-აცხადებს მესხიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მეღვინეობის პროდუქცია ბრენდულ მაღაზიებში იყიდება და სულ მალე აგროტურისტულ ობიექტში, რომელიც მარნის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილზევე იქნება შესაძლებელი ღვინის შეძენა.

ინფორმაციისთვის, მეღვინეობა LisiWine ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და 7 სახეობის იმერულ და კახური ჯიშის ქვევრის ღვინოებს აწარმოებენ. მეღვინეობა ლისის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ვენახები კახეთში აქვს გაშენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები