დუბაი მზად არის, ფულადი ჯილდო გადაუხადოს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს საამიროში ტურისტულად მოიზიდავენ. ეს ინიციატივა მიზნად ტურისტების რაოდენობის აღდგენას ისახავს, რომელიც მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ქალაქი აშშ-ის, ისრაელისა და ირანის საომარ მოქმედებებში ჩაება.
პროგრამა Dubai Invite, რომელიც ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივაა, არაბთა გაერთიანებული საამიროების მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ თავიანთი მეგობრებისა და ნათესავების კანდიდატურები, ხოლო მათი ვიზიტის შემთხვევაში 3 000 არაბული დირჰამის (დაახლოებით $816) ღირებულების შეღავათები მიიღონ.
Visit Dubai-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მცხოვრებლები მიიღებენ "შეღავათების პაკეტს", რომელიც სასტუმროში განთავსებას, კვების ობიექტებში ფასდაკლებებს და სხვადასხვა გასართობ სივრცეში უფასო ბილეთებს მოიცავს.
მონაწილეობის პირობების თანახმად, თითოეულ რეზიდენტს მაქსიმუმ სამი საჩუქრის პაკეტის მიღება შეუძლია იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 31 ოქტომბრამდე ჩავლენ, ხოლო შეღავათების გამოყენება დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
ვიზიტორები არ უნდა იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების რეზიდენტები, ისინი საამიროში მოქმედი ტურისტული ვიზით უნდა ჩავიდნენ და მათი წარდგენა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი.
აღნიშნული პროგრამა ამოქმედდა იმ ფონზე, როდესაც საამიროების ტურიზმის სექტორი სერიოზულ კრიზისს განიცდის. საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც ყურის ქვეყნები აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ზონაში მოხვდნენ.
2025 წელს დუბაიმ რეკორდულ - თითქმის 20 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. თუმცა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დუბაის აეროპორტებში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა განახევრდა, რადგან ბევრი თვითმფრინავი სარაკეტო საფრთხის გამო უკან გაბრუნდა, ხოლო ტურისტები ახლო აღმოსავლეთის საჰაერო მარშრუტებს საერთოდ მოერიდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია სასტუმროების მასშტაბური დაცარიელების შესახებაც, ხოლო ბიზნესების შემოსავლები 50%-ზე მეტით შემცირდა.
დუბაის ზოგიერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო მთლიანად დაიხურა, ბევრმა მათგანმა კი დროზე ადრე დაიწყო დაგეგმილი რემონტი და რეკონსტრუქცია. მაგალითად, სასტუმრო ბურჯ-ალ-არაბი (Burj Al Arab) მასშტაბური აღდგენითი სამუშაოებისთვის 18 თვით იხურება.
სხვა სასტუმროები და ბიზნესები აქტიურად უერთდებიან მთავრობის ახალ პროგრამას და კლიენტებს 45%-იან ფასდაკლებებსა და უფასო ღამეებს სთავაზობენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი 48 საათის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 10 000-ზე მეტი განაცხადი შევიდა.




























