მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეიდანზე რესტორნების ნაწილი დაიხურა" - რესტორატორი

რესტორნები

რესტორატორი ირაკლი კახიძე აცხადებს, რომ რესტორნებში მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. როგორც ის BMG-სთან აღნიშნავს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ტურისტების ნაკლებობაა. მისი თქმით, რესტორნებში ვიზიტისგან თავს იკავებენ საქართველოს მოქალაქეებიც.

"ისეთი ნეგატიური ფონია, ჩვენს ბიზნესს, სტუმარმასპინძლობის სექტორს არ სწყალობს, რადგან ხალისი არ არის. ტურისტებს რაც შეეხება. ტურისტები საერთოდ დარჩნენ თუ არა, ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენი სტუმრები, ძირითადად, ადგილობრივები არიან, ტურისტი ძალიან იშვიათად შემოდის. მეიდანს რომ გადავხედოთ, საღამოს საათებში რომ გაიაროთ, თქვენ თვითონ მიხვდებით, როგორი მდგომარეობა გვაქვს და რა ხდება. არის ობიექტები, რომლებიც აღარც იხსნება. საკმაოდ წარმატებული ობიექტები, რესტორნები, კაფეები თუ მსგავსი დაწესებულებები უბრალოდ დაიკეტა. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს", - აცხადებს ირაკლი კახიძე.

ამასთან, როგორც ბიზნესმენი ამბობს, კერძო სექტორს გარკვეული პროდუქცია გაუძვირდა, თუმცა რესტორნებში ფასების ზრდას, მისი თქმით, ვერ ახერხებენ.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ფასებს ვერ ვაკორექტირებთ, თუმცა კორექტირების საჭიროება არის. კურსმაც მოიმატა, ინგრედიენტი გაგვიძვირდა . მაგალითად, შოკოლადი ძალიან გაგვიძვირდა, კარაქი გაძვირდა. ჩვენ ვერ ვაძვირებთ, რადგან გაურკვეველი მდგომარეობა გვაქვს , ველოდებით კრიზისს და გაძვირება მომხმარებლებზე ცუდად აისახება", - აცხადებს რესტორატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები