აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი აპირებს, ჰანტერ ბაიდენს 1 მილიარდ დოლარზე მეტის მოთხოვნით უჩივლოს, მას შემდეგ, რაც ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპს ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მელანიას ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და ამით პირველი ლედის რეპუტაცია დაზიანდა. მათივე თქმით, ჰანტერ ბაიდენს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვენ, რომ თავისი სიტყვები უარყოს და ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში უჩივლებენ და მას 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გადახდა მოუწევს.
ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 55 წლის ვაჟმა სკანდალური განცხადება 5 აგვისტოს გააკეთა: "ისინი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ერთად დიდ დროს ატარებდნენ", - თქვა ბაიდენმა დონალდ ტრამპისა და ეპშტეინის შესახებ. "მისი ბიოგრაფის მიხედვით, ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო მელანია და დონალდ ტრამპი ერთმანეთს".
ჟურნალისტის კითხვაზე, მოიხდის თუ არა ბოდიშს, ჰანტერ ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს არ მოხდება“. ჰანტერ ბაიდენის თქმით, სასამართლოთი მუქარა მხოლოდ ყურადღების გადატანის მიზნით ხდება.
BBC წერს, რომ 2016 წელს მელანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი 1998 წელს, წვეულებაზე გაიცნო. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ, სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ შეიცავდა.




























