იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას პაატა სალიამ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.
„ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და Prypco Technologies-ს შორის. ეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ცნობილი სამშენებლო კომპანია „დამაკის“ (DAMAC) შვილობილი, რომელიც დუბაიში პილოტ პროექტს ახორციელებდა. აღნიშნული პროექტი კი გულისხმობდა უძრავი ქონების ტოკენიზაციას, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ინვესტორების რიცხვი დუბაიში“, - განაცხადა სალიამ.
მისივე თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს მომავალ თანამშრომლობას, რათა საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგია.
„აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება ტოკენიზაციის საშუალებით. ეს ბევრ წვრილ ინვესტორს საქართველოში ჩამოუსვლელად აძლევს საშუალებას, შეიძინონ საინვესტიციო უძრავი ქონება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის როლი, რომ ყველას ინტერესი - როგორც ინვესტორის, ისე ქონების მესაკუთრის - იყოს დაცული“, - განაცხადა "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა.




























