მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მემორანდუმში მითითებული თანხა, 20 მლნ ლარს ბევრად აღემატება"- BGA-მ "საქართველოს განათლების ჯგუფის" განცხადებას უპასუხა

ბრიტანულ-ქართული აკადემია

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას "ბრიტანულ ქართული აკადემიის" პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადებაში ნახსენები 20 მლნ ლარის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც „საქართველოს განათლების ჯგუფი“ კომპანიაში გეგმავს, პირველად ესმის და მემორანდუმში მითითებული თანხა, რომელიც ორი ახალი კამპუსის აშენებას უნდა მოხმარებოდა, 20 მლნ ლარს ბევრად აჭარბებს.

საქმე ისაა, რომ 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო, სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო "ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის" ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. აწ უკვე ყოფილ პარტნიორებს შორის ურთიერთობები იმგვარად დაიძაბა, რომ საქმიანი ურთიერთობების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა.

„"საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რომ ისინი 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებენ, პირველად მესმის. მემორანდუმში მითითებული თანხა, რომელიც ორი ახალი კამპუსის აშენებას უნდა მოხმარებოდა, 20 მლნ-ს ბევრად აღემატება. ჩემთვის გაურკვეველია ეს რიცხვი საიდან მოვიდა ან რომელი კამპუსის აშენებას ან რომელ განვითარებას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება აქამდე განხორციელებულ ინვესტიციას, ინვესტიციები არ განხორციელებულა და კომპანიაში თანხა ინვესტორისგან არ შემოსულა. მეტიც, ოქროყანის პროექტის განხორციელებაში, მიწაზე, რომელიც დღემდე არის საქართველოს კაპიტალის საკუთრება ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ არქიტექტურისა და სანებართვო პროცესების დოკუმენტაციის შესამუშავებლად უკვე 3 მლნ ლარი ჩადო. იმ მიწაზე, რომელიც სკოლას ჯერჯერობით არ ეკუთვნის და რომელიც საქართველოს კაპიტალმა ვალდებულებისდა მიუხედავად სკოლის კაპიტალში დღემდე არ შემოიტანა. შესაბამისად, სკოლის მხრიდან ყველანაირი ინვესტიცია აღნიშნულ პროექტში შეჩერდა და ზიანის ასანაზღაურებლადაც სასამართლოს მივმართავთ. ეს ცალკე სარჩელია კიდევ“, - აცხადებს ჯანაშია.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატის, თეა ხამხაძის ცნობით, აღნიშნულ დავაზე ადვოკატები სისხლის სამართლის კუთხითაც მუშაობენ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიც შესაბამის ორგანოებში მიმართვა იგეგმება.

„პარტნიორთა ხელშეკრულებაში მხარეებს უწერიათ, რომ არის განუყოფელი ნაწილი ამ წილის ნასყიდობის ხელოშეკრულებისა, ანუ ეს არის ფაქტობრივად ერთიანი ხელშეკრულება და არა მხოლოდ 20 მლნ ლარზე, არამედ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი.

5 წლის განმავლობაში ინვესტიცია არ განუხორციელებიათ და როგორც ჩანს, 5 წლის გასვლის შემდეგაც, მხოლოდ 20 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავენ და ბოლომდე არ აპირებენ ის ვალდებულება შეასრულონ, რაც მათ ხელშეკრულებით აქვთ აღებული“,- განაცხადა ხამხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები