მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მენაბდის მარანი" ახალ მარანს აშენებს - "20 ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა გვექნება"

მენადის მარანი

გურული ღვინის მწარმოებელმა „მენაბდის მარანმა“ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო. მარნის ხელმძღვანელი, ვახუშტი მენაბდე BM.GE-სთან ამბობს, რომ გურიაში, უკვე არსებული მარნის ტერიტორიაზე ახალ, უფრო დიდ მარანს აშენებს, რომლის სამუშაო პროცესის პირველი ნაწილი, მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომავალ წელს მარანი უკვე ახალი მოსავლის მიღებასაც შეძლებს.

„წელიწადში, თუ ორ ტონა ყურძენს გადავამუშავებდით, ახალი მარანი დაახლოებით 20 ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობას მოგვცემს. ცხადია, საწარმოო სიმძლავრის სრულად ათვისებას პირველივე ეტაპზე არ ვაპირებთ. წარმოების ზრდა მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული", - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

მეღვინეობა ამ დრომდე ორი სახის ღვინოს აწარმოებდა - ჩხავერს და ცოლიკაური. თუმცა მეღვინემ ნელ-ნელა საკმიელას ჯიშის ყურძენი გააშენა და ეტაპობრივად მისი წარმოებაც მალე დაიწყება, რომელიც ცოლიკაურს ჩაანაცვლებს.

„სახეობის რაოდენობაში სხვაობა სამომავლოდ არ გვექნება. შარშან პირველად გავტესტეთ პეტნატი და ვფიქრობთ, პეტნატის წარმოების წამოწყებასაც“,- აცხადებს მეღვინე.

„მენაბდის მარანის“ ღვინოები პრემიუმ კლასს მიეკუთვნება და საქართველოში მაღალ საფასო სეგმენტშია წარმოდგენილი. ღვინის მაღაზიებში მისი ღირებულება 70 ლარია. მეღვინეობას ამ დრომდე ღვინო ბელგიაში გაჰქონდა, თუმცა მცირე წარმოების გამო, ექსპორტი სრულად შეაჩერა და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, მათივე განთავსების ობიექტში იყიდება.

მეღვინეობის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ მომავალ წელს, მარნის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყებენ ექსპორტზე მუშაობას, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილონ საერთაშორისო ბაზრებიდან წამოსული მოთხოვნა, როგორიც იყო მათ შორის საბერძნეთიდან, ამერიკიდან და ბელგიიდან.

"ამ ეტაპზე, საექსპორტო ბაზრებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. იმედია, წელს დავასრულებთ მარნის მშენებლობას და უკვე მომავალ წელს დავიწყებთ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას“,- აცხადებს მენაბდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები