მცხეთის რაიონში, სოფელ მუხათგვერდში მდებარე “მცხეთის მარნის” ბრენდირებული ღვინო “ილია” პირველ ექსპორტზე ჩინეთში გავა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ლევან ჟვანიამ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ახლახან, ჩინელ პარტნიორთან მოლაპარაკებები დავასრულეთ, საბუთებიც მზად გვაქვს და ველოდებით, რომ ჩვენი ღვინო ჩინეთში წაიღონ. საწყის ეტაპზე, საცდელად 204 ბოთლი იყიდეს. რაც შეეხება ფასს, ჩინეთის ბაზრისთვის საკმაოდ მაღალი გადაიხადეს“,- აღნიშნა ჟვანიამ, თუმცა ფასი არ დაუკონკრეტებია.
როგორც მან განაცხადა, "მცხეთის მარანს" 20 ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავების პოტენციალი აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ტონა ყურძენს გადაამუშავებენ.
"ყურძნის დიდ ნაწილს ფერმერული მეურნეობებისგან ვყიდულობთ. ხოლო წლიური წარმადობა 4000 ბოთლის ფარგლებშია. ჩვენ ვპარტნიორობთ სოფელ მუხრანში მევენახეებთან, ასევე, გვაქვს სავენახე მიწებიც. ძირითადად ქართლის, კახეთის ღვინოებს ვაწარმოებთ, როგორებიცაა თეთრი ყურძნის ჯიშებიდან: ჩინური, გორული მწვანე, კახური მწვანე, რქაწითელი და წითელი ყურძნის ჯიშებიდან: საფერავი, ასევე რქაწითელის და ჩინურის სეპაჟები", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ "მცხეთის მარნის" ღვინო მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
"მას მასიურად არ ვყიდით, რადგან ვაძველებთ. ჩვენს ღვინოს 3-წლიანი დავარგება აქვს. მისი ღირებულება 155-195 ლარის ფარგლებშია და "8000 მოსავალში" იყიდება. ასევე, მცხეთაში, ერთ-ერთ პარტნიორ მაღაზიაში ვყიდით", - განაცხადა მარნის თანადამფუძნებელმა.
მისივე თქმით, „ილიას“ ბრენდით წარმოებული ღვინის გარდა, კომპანია უფრო ბიუჯეტურ ხაზსაც აწარმოებს, რომელიც „ერთის“ სახელით იყიდება. მისი ღირებულება ბაზარზე 70-100 ლარის ფარგლებშია.
"მცხეთის მარნის" დაარსების იდეა 2017 წელს გაჩნდა, ხოლო იდეის რეალიზება 2018 წელს დაიწყო. როგორც თანადამფუძნებელი ამბობს, მარანი ილია ჭავჭავაძის იდეებზეა დაფუძნებული, შედეგად მათი წარმოებული ღვინო, ბაზარზე „ილიას“ ბრენდით იყიდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჟვანიას თქმით, სამომავლო პერსპექტივაში მარანში ვიზიტორების მიღება და დეგუსტაციების სერვისის შეთავაზება იგეგმება.