მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავთანდილის მეღვინეობა“ წლის ბოლომდე ექსპორტზე გასვლას გეგმავს - სად გაიყიდება ქართული ღვინო?

ავთანდილის მეღვინეობა

კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და 5 სახის ღვინოს, კერძოდ „წარაფს“, „ქვევრის რქაწითელს“, „საფერავს“, „ქვევრის ალადასტურს“, "ალადასტურ ნახევრად მშრალ როზესა" და "გვიანი მოსავალს" აწარმოებს. კომპანია წლის ბოლომდე ექსპორტის განხორციელებას გეგმავს.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, გასულ წელს, "ავთანდილის მეღვინეობა" გერმანიასთან და იტალიასთან საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა წარმოებული პროდუქციის სიმცირის გამო, უცხოური ბაზრებიდან მოთხოვნილი რაოდენობა ვერ დააკმაყოფილეს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გადაწყვიტეს 2023 წლის ღვინის იმ ტექნიკითა და სტილით წარმოება, როგორიც 2022 წელს წარმოებული ღვინოები იყო, რათა იმპორტიორებს დაუმტკიცონ, რომ ახალი ღვინოები უკეთესი თუ არა, იგივე ხარისხის მაინც იქნება.

„გერმანიასთან და იტალიასთან მოლაპარაკებები კვლავ ძალაშია. გაზაფხულის ბოლოდან ღვინოს ჩამოსხმა და ბრენდირება დაიწყება, რის შემდეგაც საექსპორტოდ სხვა სატესტო ნიმუშები გაიგზავნება და ახალ ბაზრებთან მოლაპარაკებებიც დაიწყება. ამ ეტაპზე, ღვინის დავარგებას და შესაბამისი ხარისხის მიღებას ველოდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენთვის პირველი ექსპორტია, არ გვინდა რაიმე ხარვეზი გაგვეპაროს. წლის ბოლომდე კი, ჩვენი ღვინის ექსპორტზე გასვლას უნდა ველოდოთ,“- აცხადებს ირომაშვილი.

მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, ექსპორტზე ჯამში 400 ბოთლის გატანა იგეგმება, რადგან მათი ღვინისადმი უცხოური ბაზრის მიმღებლობა დაამტკიცონ. ამის შემდეგ, კი გაფართოებული მოცულობების გატანაც მოხდება.

აღსანიშნავია, რომ „ავთანდილის მეღვინეობა“ წარმოების 20%-იან ზრდას გეგმავდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს ცოტა მოსავალი მიიღეს და მეღვინეობისთვის ცუდი წელი იყო, დაგეგმილი რაოდენობით ზრდა ვერ შეძლეს. თუმცა, ირომაშვილის განმარტებით, წარმოების გაფართოების საკითხზე ამ დრომდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ცნობისათვის, "ავთანდილის მეღვინეობა" ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, "ახოები", "საფერავი წარაფი" და "კარდანახი", რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული. კომპანია წელიწადში 3000-4000 ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძნის გადამუშავებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები