მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მენაბდის მარანი“ გაფართოვდა - რას სთავაზობს მცირე ეთნო-სასტუმრო სტუმრებს

62a216aa6251b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.22 22:07
3097
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მოქმედი ეთნოგრაფიული სტილის მცირე სასტუმრო „მენაბდის მარანი“ გაფართოვდა და ოთახების რაოდენობა 8-მდე გაზარდა.

განთავსების ობიექტის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე BM.GE-ის უყვება, რომ გაფართოების აუცილებლობა დამსვენებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარეობს.



„ჩვენ 5 ნომერი გვქონდა, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, მოსვლა და სტუმრობა იმაზე მეტ ადამიანს უნდოდა, ვიდრე ჩვენ მიღების შესაძლებლობა გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი შენობა დაგვმატებინა, სადაც კიდევ 4 ნომერი განთავსდებოდა. დამატებითმა შენობამ მისაღები სივრცის მოწყობის შესაძლებლობაც მოგვცა. ცალკე არსებული კოტეჯი მისაღებად გადავაკეთეთ და ჯამში დღეს 8 ნომერი გვაქვს“, - ამბობს მენაბდე.

შედეგად მცირე-სასტუმროს ერთდროულად 20 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია. განთავსების ღირებულება კი 2 ადამიანზე საუზმით ამ დროისთვის 200 ლარია.




აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ „მენაბდის მარანს“ წელიწადის ოთხივე დროს დიდი მომართვიანობა აქვს და მათ როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.

„ჩვენ ადამიანებს ეთნოგრაფიულ გარემოში დასვენებას ვთავაზობთ, სადაც შეუძლიათ წარმოიდგინონ როგორც ცხოვრობდნენ 1-2 საუკუნის წინ გურიაში და ამის საშუალებას არამხოლოდ საცხოვრებელი გარემო, ვენახი და ეთნოელემენტებით მოწყობილი ეზო, არამედ გურული ღვინო და კერძებიც იძლევიან. ჩვენი კონცეფციის მეორე ელემენტი კომფორტია. ეთნოგრაფიულ გარემოში შექმნილი მაქსიმალური კომფორტით. კონცეფციის მესამე ნაწილი კი ქალაქისგან მოშორებული, მშვიდი, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეა“, - აღნიშნავს ვახუშტი მენაბდე.

როგორც თავად მეურნეობის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სასტუმრო ნომრების დამატებისთვის, შენობის რესტავრაციისთვის და მისი მოწყობისთვის 50 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

„თუ ძველი სახლის ნომრებში აქცენტი სრულად ენთოთემატიკაზე იყო გაკეთებული, ახალ შენობაში, ბუნებრივი მასალის გამოყენებით თანამედროვეობასთან შერწყმული დიზაინი გვხვდება“, - აღნიშნავს „მენაბდის მარნის“ ხელმძღვანელი.

ეთნოსივრცე კომფორტული, მყუდრო გარემოს გარდა სტუმრებს გურული სამზარეულოს კერძებს, გურული ღვინის დეგუსტაციას ხემსით და სხვადასხვა სახის მასტერკლასებსაც სთავაზობს.

„საუზმე არასტანდარტულია და ყველა კვებითი პრიორიტეტის მქონე ადამიანზეა მორგებული, მათ შორის ვეგეტარიანელებსა და ვეგანებზე. რესტორანში კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმარი გურული კერძები დაგემოვნებას შეძლებს, რომელშიც საოჯახო გემოები სტანდარტულ ფორმებშია მოქცეული. ბევრი ისეთი კერძიც გვაქვს, რომელსაც სხვაგან ვერ დააგემოვნებთ. კერძების მომზადებისას მათი ეკოლოგიურობა ჩვენთვის მთავარია და ამიტომ ჩვენი ბაღიდან მოყვანილი სხვადასხვა პროდუქტის გარდა, ადგილობრივ ფერმერებთან ვთანამშრომლობთ და სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მომზადებულ კერძებს ვთავაზობთ. ამასთან სტუმრებს როგორც ჩვენი და პარტნიორი მევენახეებიდან ჩაბარებული მაღალი ხარისხის ღვინოს ვთავაზობთ“, - ამბობს მენაბდე.



დღეს სოფელ შემოქმედში მოქმედი აგროტურისტული სივრცე სტაბილურად 5 ადამიანს ასაქმებს. პერიოდულად საჭიროების მიხედვით კი დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ სასტუმრო ნომრების დამატება გაფართოების პირველი ეტაპია და იმ შემთხვევაში თუ მათთან სტუმრობის მოთხოვნა მზარდი იქნება, ტურისტული ობიექტი განვითარებას განაგრძობს. მანამდე კი მეწარმე და მეღვინე მცირე მარნის წარმადობის გაზრდას და ჩხავერის და ცოლიკაურის ღვინოების ჩამოსხმასთან ერთად, გურული, ქვევრის ღვინის წარმოებას საკმიელას ჯიშის ყურძნისგანაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები