საკონტეინერო გადაზიდვებში, მეორადი ავტომობილების გადაზიდვას 80% უჭირავს, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა - ამის შესახებ BMG-ს „სოფმარ საქართველოს“ დირექტორმა ვახტანგ ალანიამ განუცხადა.
მისი თქმით, ერთ კონკრეტულ სეგმენტზე 80-პროცენტიანი დამოკიდებულება სექტორს რისკების წინაშე აყენებს.
„საკონტეინერო ბრუნვის 80% სწორედ ამერიკიდან და ევროპიდან იმპორტირებულ ავტომანქანებზე მოდის. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა - რამე რომ მოხდეს და ევროპამ ან ამერიკამ რამე სანქციები შემოიღოს, ან აკრძალოს ამის გადაზიდვა, პრაქტიკულად მაშინ დაიწყება განგაში. უფრო სწორად, ეს იქნება კრახი. წარმოიდგინეთ, მოულოდნელად ბრუნვა 80% რომ დაეცეს - ეს ჩვენთვის საშინელება იქნება.
ეს, სინამდვილეში, მოსალოდნელია, იმიტომ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ 2025 წელს საქართველოში დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის ავტომანქანებმა გაიარა, როგორც ტრანზიტულმა ტვირთმა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა და არც ყაზახეთს, არც უზბეკეთს და არც ტაჯიკეთს ეს რაოდენობა ბუნებრივია, არ სჭირდება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება და შეიძლება რაღაც საშიშროება არსებობდეს“ - ამბობს ვახტანგ ალანია BMG-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ნაწილი, (მათ შორის „სოფმარ საქართველო“) სტაბილური კლიენტების ხარჯზე, ჯერჯერობით პოზიციებს ინარჩუნებენ, ზოგადი დარგობრივი სურათი საგანგაშოა - ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის მდგრადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ტვირთების დივერსიფიკაციაზე, რათა ერთ სეგმენტში, მოსალოდნელმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მთელი სისტემის პარალიზება არ გამოიწვიოს.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 103 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით რეექსპორტის შემოსავალი 403 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით არის გაზრდილი.
ავტოექსპორტის უმსხვილესი ბაზარი კვლავ ყირგიზეთია, სადაც წელს 1.3 მილიარდი დოლარის 39 ათასი ავტომობილის ექსპორტი აღირიცხა, მეორე პოზიციას კი, ყაზახეთი იკავებს 735 მილიონი დოლარით.
ყირგიზეთის მიმართულებით ვაჭრობა განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რადგანაც ეს ქვეყანა არ არის მიერთებული რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს, აღნიშნულის გამო ყირგიზი ავტოდილერები რუსეთში ავტომობილებს შეზღუდვის გარეშე ყიდიან.
საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილები ჩრდილოეთის საზღვრიდან რუსეთის ფედერაციის გავლით იგზავნება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ავტომობილები ყირგიზეთამდე არ აღწევს და მათ დილერები გზაშივე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყიდიან. ამას ხაზს უსვამს ყირგიზეთის ოფიციალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც 2025 წლის 10 თვის ვაჭრობის მაჩვენებელს ასახავს (საქსტატი სტატისტიკას თვის დასრულებიდან 20 დღეში აქვეყნებს, ყირგიზეთის კი თვის დასრულებიდან 45 დღეში, შესაბამისად ამჟამად ხელმისაწვდომია იანვარ-ოქტომბრის ყირგიზეთის სტატისტიკა, საქართველოში კი უკვე 11 თვის სტატისტიკა). ამ სტატისტიკის მიხედვით, მათ, წელს, საქართველოდან 23.6 მილიონი დოლარის ღირებულების 2,600 ავტომობილი იყიდეს. შესაბამისად, საქართველოდან ყირგიზეთში გაგზავნილი (იანვარ-ოქტომბერში 1.16 მილიარდი დოლარის 35 ათასი ავტომობილი) მხოლოდ 2% ჩავიდა ყირგიზეთში.




























