ხმის მიცემის მეორე რაუნდით, გერმანიის ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცი კანცლერად აირჩია.
დღეს დილით წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სადაც კონსერვატიული კავშირის ლიდერმა 310 ხმა მოიპოვა, ნაცვლად საჭირო 316-სა, განმეორებით კენჭისყრაში მერცის კანდიდატურას 325-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
წინა მთავრობიდან მხოლოდ ერთი მინისტრი შეინარჩუნებს თანამდებობას - თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი. მერცმა თავისი კაბინეტი ახლიდან დააკომპლექტა, მინისტრთა ნაწილი კი კერძო სექტორიდან მოდის.