გასულ კვირას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, აშშ ნედლი ნავთობის წმინდა ექსპორტიორად იქცა. ეს ვაჭრობის რეკორდულად მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა, რაც აზიელი და ევროპელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული - ისინი ირანის ომის გამო ახლო აღმოსავლეთის შეჩერებული მარაგების ჩანაცვლებას აქტიურად ცდილობდნენ.
Reuters-ი წერს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვია. ირანის მუქარის გამო, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებული იყო, რამაც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მარაგების დაახლოებით მეხუთედი დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის შესახებ დღეს განაცხადეს, რაც სპარსეთის ყურედან ნავთობტანკერების შეუფერხებელ გადაადგილებასა და გლობალური ბაზრისთვის ნედლეულის მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში აღადგენს.
აღნიშნულ განცხადებამდე, აზიისა და ევროპის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, რომლებიც ამ მარაგებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ალტერნატიულ წყაროებს ეძებდნენ, რამაც მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლის - აშშ-ის ნავთობზე.
თუმცა, ანალიტიკოსებისა და ტრეიდერების შეფასებით, აშშ თავისი საექსპორტო შესაძლებლობების ზღვარს სწრაფად უახლოვდება.
15 აპრილს გამოქვეყნებული აშშ-ის მთავრობის მონაცემების თანახმად, გასულ კვირას ნედლი ნავთობის წმინდა იმპორტი (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) დღეში 66 000 ბარელამდე შემცირდა, რაც 2001 წლიდან მოყოლებული ყოველკვირეულ მონაცემებში ისტორიული მინიმუმია. პარალელურად, ექსპორტი დღეში 5.2 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, რაც ბოლო შვიდი თვის მაქსიმუმია.
წლიურ ჭრილში აშშ ნედლი ნავთობის წმინდა ექსპორტიორი ბოლოს 1943 წელს იყო.
ბოლო თვეებში აშშ-ის ნედლი ნავთობი ისტორიაში პირველად შეისყიდა საბერძნეთმა.
გემების მონიტორინგის სერვისის, Kpler-ის მონაცემებით, გასულ კვირას ევროპისკენ დღეში დაახლოებით 2.4 მილიონი ბარელი გაიგზავნა (აშშ-ის ექსპორტის 47%). აზიისკენ კი - დაახლოებით 1.49 მილიონი ბარელი (37%), რაც წინა წლის 30%-იან მაჩვენებელზე მეტია.
მთავარ მყიდველებს შორის არიან: ნიდერლანდები, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა. Kpler-ის მონაცემებით, 500 000 ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული გემი თურქეთისკენ მიემართებოდა, რაც მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში აშშ-ის ექსპორტის პირველი შემთხვევაა.
"სავარაუდოდ, აპრილში აშშ-ის ექსპორტი დღიურად 5.2 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი ყოველთვიურად თავის მაქსიმალურ საზღვრებს უახლოვდება", - აღნიშნა Kpler-ის ანალიტიკოსმა მეთ სმიტმა.
ტრეიდერებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ს დღეში მაქსიმუმ 6 მილიონი ბარელის ექსპორტირება შეუძლია, რისი მიზეზიც მილსადენების შეზღუდული სიმძლავრე და ხელმისაწვდომი გემების სიმცირეა. სამთავრობო მონაცემებით, აშშ-ის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - დღეში 5.6 მილიონ ბარელს - 2023 წელს მიაღწია.




























