მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეოთხე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორების ათეულში ახალი კომპანია "თენმარ კაპიტალი" შევიდა

თენმარ კაპიტალი

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 392 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო.

საქსტატის თანახმად, ამ კომპანიების ათეულში შედის კომპანია "თენმარ კაპიტალიც", რომელიც უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში პირველად მოხვდა. საქსტატის თანახმად, ამ კომპანიაში ინვესტიცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩაიდო.

BMG-იმ კომპანიას მიმართა კითხვით თუ რა საქმიანობას ახორციელებენ და რა მიმართულების ინვესტიციებს, თუმცა კომპანიაში განმარტავენ რომ ამ ეტაპზე მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ და საკუთარი პროექტების შესახებ ინფორმაციას მომავალში წარადგენენ.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, სააქციო საზოგადოება "თენმარ კაპიტალი" 2025 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა და მის 100%-იან წილს ბიზნესმენი ლაშა კოპალეიშვილი ფლობს. ამასთან, კომპანიის ნებადართული კაპიტალის მოცულობა 200 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, სს "თენმარ კაპიტალი" ფლობს 100%-იან წილს კომპანია "საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტში", რომელიც თავის მხრივ 2025 წლის აგვისტოში დაფუძნებული კომპანიაა. რეესტრში "თენმარ კაპიტალთან" დაკავშირებული სხვა კომპანია არ იძებნება.

2025 წლის მეოთხე კვარტალში იმ კომპანიების ათეული, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – მალტა
  • შპს ტავ ურბან საქართველო – ტრანსპორტი და დასაწყობება – გაერთიანებული სამეფო / თურქეთი
  • შპს ქართული ცემენტი – დამამუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
  • სს საქართველოს კაპიტალი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მალტა
  • შპს იგლ ჰილს საქართველო – მშენებლობა – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – აშშ
  • სს ბიჯეო ჯგუფი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
  • სს თენმარ კაპიტალ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი – ტრანსპორტი და დასაწყობება – აზერბაიჯანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები