„ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ დამფუძნებელი, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესი, რომელიც „ელ მენჩოს“ სახელით იყო ცნობილი, ოჯახმა ორშაბათს ოქროს კუბოთი დაკრძალა.
59 წლის კრიმინალური ავტორიტეტი თებერვლის ბოლოს, მექსიკის სპეცრაზმთან მომხდარი შეტაკებისას მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
მის სიკვდილს მექსიკის 20 შტატში კარტელის წევრების მხრიდან ძალადობრივი საპასუხო რეაქცია, ავტომობილების დაწვა და გზების ბლოკირება მოჰყვა. აშშ-ის მთავრობას სერვანტესის დაკავებისთვის ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
გვადალახარასთან გამართულ დაკრძალვის პროცესიას, ახალი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ქვედანაყოფები მეთვალყურეობდნენ. ცერემონიაზე ნარკობარონებისადმი გამოსამშვიდობებელ მუსიკალურ კომპოზიციებს, ნარკოკორიდოსებს ერთ-ერთი ბენდი ასრულებდა. სასაფლაოზე კი ყვავილების გვირგვინები ხუთი სატვირთო მანქანით მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ამ გვირგვინების დიდი ნაწილი მამლის ფორმის იყო. მიუხედავად ძვირად ღირებული კუბოსი, მექსიკური მედიის შეფასებით, ოსეგუერას საფლავი სხვა ნარკობარონების გრანდიოზულ მავზოლეუმებთან შედარებით სადაა.
შეგახსენებთ, ნემესიო ოსეგუერას ლიკვიდაცია პრეზიდენტ კლაუდია შაინბაუმის ადმინისტრაციამ ქვეყნის გამარჯვებად გამოაცხადა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სადაზვერვო მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ შაინბაუმის მთავრობამ ოსეგუერას ლიკვიდაციის ოპერაცია სწორედ ტრამპის წნეხის ქვეშ ჩაატარა. არსებობს მოლოდინი, რომ ლიდერის სიკვდილით შექმნილი ვაკუუმი კარტელის შიგნით გავლენების მოსაპოვებლად დაპირისპირებასა და ძალადობის ახალ ტალღას გამოიწვევს.




























