მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოკარტელ CJNG-ის ლიდერი მოკლეს

ელ მენჩო

მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური სინდიკატის, CJNG-ს ლიდერი ნემესიო ოსეგერა სერვანტესი, იგივე „ელ მენჩო“ მოკლეს.

საუბარია ადამიანზე, რომლის ორგანიზაციაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ფენტანილის მიწოდების მთავარ მონოპოლისტად მიიჩნეოდა. სწორედ ვაშინგტონიდან მომდინარე მზარდ გეოპოლიტიკურ წნეხს უკავშირდება სინდიკატის ლიდერის ლიკვიდაცია.

როგორც ირკვევა, “ელ მენჩოს” განადგურების ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკული მხარეც, რომელმაც მექსიკურ არმიას სადაზვერვო მონაცემები მიაწოდა. CJNG-ს ლიდერის მკვლელობას კარტელის შეიარაღებული ფრთის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. კერძოდ, არეულობა დაიწყო მექსიკის 8 შტატში. კრიმინალური სინდიკატის წევრებმა გადაკეტეს გზები და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს, ასევე შეიჭრნენ აეროპორტში და გახსნეს ცეცხლი. მიზანშია ამოღებული უსაფრთხოების ძალების რეგიონული ოფისებიც, სადაც შეჭრას კარტელის შეიარაღებული ფრთის წევრები ცდილობენ.

იმის მიუხედავად, რომ “ელ მენჩოს” ლიკვიდაციის სპეცოპერაციაზე ამერიკულმა და მექსიკურმა მხარეებმა ერთობლივად იმუშავეს, პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა კატეგორიულად გამორიცხა ქვეყანაში ამერიკული ჯარების შეშვება და ბრძოლებში მათი ჩართვა. თავად ქვეყნის ლიდერი უსაფრთხოების მიზნით სამხედრო ხომალდზეა გადაყვანილი, საიდანაც ის მიმდინარე პროცესებს მართავს.

შეხსენებისთვის, CJNG ის დანაშაულებრივი მექსიკური დაჯგუფებაა, რომელიც აშშ-ში ფენტანილის მთავარ იმპორტიორად მიიჩნევა. მხოლოდ ბოლო თვეებში ამერიკულმა სპეცსამსახურებმა 4,100 კილოგრამზე მეტის კონტრაბანდული ნარკოტიკის ქვეყანაში შეტანა შეაჩერეს. რაც შეეხება მოკლულ „ელ მენჩოს“, მის თავზე შტატებს 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

უმძიმესი ვითარების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ჩრდილოეთ ამერიკის წამყვანმა ავიაკომპანიებმა კი მექსიკის ძირითადი ტურისტული მიმართულებებით ფრენები მასობრივად გააუქმეს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ არმია ვითარების სწრაფ სტაბილიზაციას ვერ შეძლებს, მთავრობის ტაქტიკური გამარჯვება შესაძლოა სრულმასშტაბიან შიდა კონფლიქტში გადაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები