Google-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის გეოგრაფიული სახელების სისტემაში მექსიკის ყურეს ოფიციალურად ეწოდება ამერიკის ყურე, Google Maps-ის ამერიკელი მომხმარებლებისთვის რუკა ოფიციალურად განახლდება.
როგორც ტექგიგანტი X-ის საშუალებით იტყობინება, Google-ში სტანდარტული პრაქტიკაა გეოგრაფიული სახელების ცვლილება, როდესაც გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზეა მიღებული.
ცვლილება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებულ მომხმარებელზე გავრცელდება, მექსიკაში კი ყურეს კვლავ "მექსიკის ყურე" ეწოდება. დანარჩენ ქვეყნებში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის Google Maps-ზე ორივე სახელწოდება გამოჩნდება.
აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტი დონალდ ტრამპის ოფიციალურ ბრძანებას, მექსიკის ყურესთვის სახელის ცვლილების შესახებ, გასულ კვირას გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის გეოგრაფიული სახელების საბჭო მუშაობს იმისთვის, რომ სისტემაში ინფორმაცია სწრაფად განახლდეს.
Google-ის გადაწყვეტილება გავრცელდება ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალზე, დენალიზე, რომელსაც, ტრამპის გადაწყვეტილებით, კვლავ მაკ-კინლის მთა ეწოდება.
დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურესთვის სახელის ცვლილებაზე ბრძანებას ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის ცერემონიალიდან რამდენიმე საათში მოაწერა. იანვარშივე, რამდენიმე დღით ადრე, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუნმა ხუმრობით განაცხადა, ჩრდილოეთ ამერიკას "მექსიკური ამერიკა" უნდა ეწოდოს - ისტორიული სახელი, რომლითაც რეგიონი რუკის ადრეულ ვერსიებში აღინიშნებოდა.
ტრამპის ინიციატივის შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მექსიკისა და მთელი მსოფლიოსთვის ყურეს კვლავ "მექსიკის ყურე" ეწოდება.




























