მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი $13 615-ის სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდებიან

მერაბი და საბა

MMA-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი აბუდაბის ციხეს დღეს დატოვებენ. ამის შესახებ ლაზიშვილის ძმამ ზვიად ლაზიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

11 ნოემბერს აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დვალიშვილი მისი მეგობარი საბა ლაზიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი თუ დაპირისპირებაში ჩართული სხვა მონაწილეები ადგილობრივმა პოლიციამ საპატიმროში გადაიყვანა.

დღეს, აბუდაბის სასამართლომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, MMA-ს დაღესტნელ მებრძოლს უსმან ნურმაგომედოვს და მისი გუნდის ორ წევრს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და უსმანის გუნდის წევრები 300 000 დირჰემით [დაახლოებით 81 688 დოლარი] დაჯარიმდნენ და პატიმრობის დასრულების შემდეგ მათი დეპორტაცია მოხდება.

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი მხოლოდ 50 000 დირჰემით [13 615 დოლარი] დაჯარიმდნენ. აღნიშნულ თანხას ორგანიზაცია RAF-ი გადაიხდის.

საბა ლაზიშვილის ძმამ Instagram-ში ვიდეოში განაცხადა, რომ ინციდენტის საქმეზე ბევრი ადამიანია ჩართული.

„გამარჯობა მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს საბას და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ დროულად მოაგვარონ ყველაფერი. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით ჩვენი ბიჭები 5 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან. ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12 საათზე გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით არაფერი ისეთი
სერიოზული არ მოჰყვება ამ სიტუაციას. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის'' - განაცხადა ზვიად ლაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში RAF-ის ღონისძიებაზე საჭიდაოდ არის ჩასული და მისი მეტოქე მარლონ მორაეში იქნება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შერეულ ორთაბრძოლებშიც შეხვდა და 2021 წლის 25 სექტემბერს, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები