მოახლოებულ UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილი თავისი საჩემპიონო ქამრის დაცვას წელს მესამედ კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ შეეცდება. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ბრძოლის შემთხვევაში დვალიშვილი გახდება რიგით მერვე მებრძოლი, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში მესამედ დაიცავს საჩემპიონო ქამარს.
ხაზგასასმელი ფაქტია ისიც, რომ თავად დვალიშვილის განცხადებით გამარჯვების შემთხვევაში ის მზად იქნება დეკემბერში კიდევ ერთხელ იასპარეზოს ქამრის დასაცავად - ეს კი აბსოლუტური რეკორდი იქნება.
ცალკე გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე ქართველმა მებრძოლმა 50 სუფთად ჩაბარებული დოპინგ-ტესტისთვის პრომოუშენისგან სპეციალური ქურთუკი მიიღო, რომელიც UFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეფ ნოვიცკიმ გადასცა.
რაც შეეხება მერაბის მეტოქე კორი სენდჰეგენს, მას კარიერაში 23 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 18-ში გაიმარჯვა, ხოლო 5-ში დამარცხდა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კი ჩემპიონის ტიტული ვერასდროს მოიპოვა.
ღონისძიება საქართველოს დროით 5 ოქტომბერს ლას-ვეგასში T-mobile არენაზე შედგება, მთავარი ბრძოლები კი ჩვენი დროით გამთენიის 6 საათზე დაიწყება.




























