ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.
რეაბილიტაციის შედეგად, გაიზარდა მუზეუმის ფართობი, მიმდინარე წლის მაისიდან კი დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად.
თბილისის მერიის ცნობით, მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზოც.
"შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი სივრცეები ქალაქში, რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




























