Formula 1-ის ძრავით აღჭურვილი მრავალმილიონიანი ჰიპერქარი - Mercedes-AMG ONE მსოფლიოს ყველაზე რთული და პრესტიჟული სარბოლო ტრასის, ნიურბურგრინგის ახალი რეკორდსმენია.
გერმანულმა ავტომობილმა „მწვანე ჯოჯოხეთის“ დაძლევა 6 წუთსა და 29 წამში შეძლო, რაც წინა რეკორდთან შედარებით 6 წამით უფრო სწრაფი მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ აქამდე არსებული რეკორდიც AMG ONE-ს ეკუთვნოდა, რომელიც მან 2022 წელს დაამყარა, თუმცა მას შემდეგ აფალტერბახის სამჭედლოში ინჟინრებმა ბევრი რამ შეცვალეს და სკალპელის პირი უფრო მეტად ალესეს.
სერიული წარმოების ავტომობილით ნიურბურგრინგის ნორდშლაიფის ტრასაზე რეკორდის დამყარება ავტოინდუსტრიაში აღიარების მწვერვალად მიიჩნევა - ერთგვარ ოსკარად, რომლისთვისაც ყოველწლიურად ათობით ავტომწარმოებელი იბრძვის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში Mercedes-ს აბსოლუტური დომინაცია აქვს და რთული წარმოსადგენია, უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა ავტომობილმა AMG ONE-ის ჩამოქვეითება შეძლოს.
ამ ავტომობილის არსი იმაში მდგომარეობის, რომ მისი ნახშირბადოვან-ბოჭკოვანი სხეულის ქვეშ არათუ უბრალოდ შთამბეჭდავი, არამედ პირდაპირ Formula 1-ის 6-ცილინდრიანი გული ძგერს, რომელიც 1.6-ლიტრიანი აგრეგატით, ჰიბრიდული სისტემის დახმარებით, 11,000 ბრუნზე თითქმის 1,049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ზემოხსენებული ძრავა Mercedes-AMG-ის ბოლიდ W06-ზეა დაფუძნებული, რომლითაც ლუის ჰამილტონმა და Mercedes-ის სარბოლო გუნდმა 2015 წელს Formula 1-ის ჩემპიონობა მოიპოვეს. W06-სგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ უკანა წამყვანია, AMG ONE-ის არსენალში 4MATIC+ ტექნოლოგიას ვხედავთ, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, წინა თვლების ამძრაობას უზრუნველყოფს.
როგორც Mercedes-ში ამბობენ, AMG ONE-ის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ-ზე ელექტრონულადაა შეზღუდული, რაც შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა არაფერია იმასთან, თუ რა სისწრაფით შეუძლია აჩქარება ამ ავტომობილს 0-დან 200 კმ/სთ-მდე. გეტყვით, რომ 200 კმ/სთ-მდე კატაპულტირებისათვის „ვერცხლისფერ ისარს“ სულ რაღაც 7 წამი სჭირდება, ხოლო უძრაობიდან მაქსიმალურ სიჩქარეს ის თითქმის 16 წამში აღწევს!
საერთო ჯამში, აფალტერბახის ქარხნის მიერ 275 ერთეული AMG ONE-ის გამოშვებაა დაგეგმილი, თითოეული ერთეულის საწყისი ღირებულება კი 2.75 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა პერსონალური ფუნქციების დამატებასთან ერთად ჰიპერქარის ფასი საკმაოდ მარტივად სცდება 3 მილიონ დოლარს. ცხადია, ყველა ერთეული წინასწარ გაიყიდა.
AMG ONE კომპანია Mercedes-ის მანიფესტია გლობალური ავტოინდუსტრიის წინაშე, რომლითაც ეს ლეგენდარული გერმანული ბრენდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Mercedes-ს აბსოლუტური დომინაციის მოპოვება ბოლიდით არა მარტო Formula 1-ის გრან-პრიზე, არამედ "სამოქალაქო" ავტომობილით მსოფლიოს ნებისმიერ სარბოლო ტრასაზეც შეუძლია. აი, თუკი ვინმეს პრეტენზია ექნება, როგორც იტყვიან, „მწვანე ჯოჯოხეთის“ კარები მუდამ ღიაა.