მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Mercedes-Benz Group-ი საფონდო ბირჟიდან საკუთარი აქციების გამოსყიდვას გეგმავს. ამ შემთხვევაში, კომპანია €3 მილიარდის აქციებს გამოისყიდის, ხოლო თავად პროგრამა მას შემდეგ დაიწყება, რაც გერმანული კონგლომერატი გამოსყიდვის შარშან დაანონსებულ €4-მილიარდიან პროგრამას დაასრულებს.
ბოლო დროს, როგორც იცით, აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა გაზარდა, რაც საბაზო ეფექტს, ანუ მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხვრას და ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმზე გადასვლას უკავშირდება. Mercedes-Benz Group-ის მსგავსი გადაწყვეტილება გასულ წელს General Motors-მა, Ford-მა და Stellantis-მა მიიღეს, რომელთა მიერ გამოსყიდული აქციების და აქციონერებზე გაცემული დივიდენდის ჯამურმა მოცულობამ $22.7 შეადგინა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აქციების გამოსყიდვა ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელსაც საჯარო კომპანიები საკუთარი აქციონერებისთვის დამატებითი სარგებლის მისაცემად იყენებენ. გამომდინარე იქიდან, რომ დივიდენდთან ერთად, აქციონერებს პერიოდულად გარკვეული სარგებლის მიღება მაინც სურთ, კომპანიები, როგორც წესი, საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროგრამებს აანონსებენ. ამ დროს, კომპანია საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციების ნაწილს ყიდულობს, რითაც თავისუფალ მიმოქცევაში აქციების ერთგვარ დეფიციტს იწვევს, რაც, ცხადია, აქციის ფასის ზრდას უწყობს ხელს.