Mercedes-Benz-ის მფლობელი კომპანია Daimler-ი, რომელიც ასევე ფლობს Maybach-ს და Smart-ს, 15,000 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს.
კერძოდ, როგორც Business Insider-ი იუწყება, 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას კომპანია ეტაპობრივად, 2022 წლისთვის გეგმავს, ხოლო დანარჩენი 5000 ადგილის შემცირება უახლოეს რამოდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი.
აღნიშნული ქმედების შედეგად, კომპანიას ხარჯები 1.5 მილიარდი აშშ დოლარით შეუმცირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან განთავისუფლებული პერსონალი კომპენსაციას მიიღებს.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გამოცემა კომპანიას დაუკავშირდა, რაზეც კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
Business Insider-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავტოინდუსტრიას რთული პერიოდი უდგას და თანხების დაზოგვა წარმოების სტილის შესაცვლელად სჭირდება. ავტოკონცერნების დიდი ნაწილი ცდილობს დაიწყოს ელექტრო ან ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე მანქანების გამოშვება, რაც დამატებით დანახარჯებთან არის დაკავშირებული.