მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mercedes-Benz-მა EQC-ის წარმოება შეწყვიტა, სმარტფონების მწარმოებელი Meizu ავტომობილების წარმოებას იწყებს - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

ibfhudb

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

TESLA-ს მოგება და აქციების ღირებულება მკვეთრად შემცირდა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ კვარტალური ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელმაც ინვესტორების და ანალიტიკოსების მოლოდინების დაკმაყოფილებას ვერ შეძლო. როგორც ჩანს, მეორე კვარტალში Tesla-ს მოგების მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, რაც კომპანიის მიერ ელექტრომობილებზე ფასების შემცირებას უკავშირდება. თავად ფასების კორექცია საჭირო იმიტომ გახდა, რომ კონკურენტები გააქტიურებულები არიან და ელექტრომობილებზე ბაზარზე მოთხოვნა ისეთი მზარდი არ არის, როგორსაც ინდუსტრიის წარმომადგენლები მოელოდნენ.
2024 წლის მეორე კვარტალში Tesla-ს შემოსავალმა $25.5 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, მეორე კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა სულ რაღაც 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც $1.2 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს.
მართალია, კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობა 10%-ით შეამცირა ხარჯების დასაზოგად, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი ვერ აღმოჩნდა შედეგების გასაუმჯობესებლად. ანალიტიკოსები 16.3%-იან მოგების მარჟას მოელოდნენ, მაგრამ Tesla-მ მხოლოდ 14.6%-იანი მარჟის მიღება შეძლო.
კომპანიის ხელმძღვანელობა მოგების მარჟის შემცირებას რესტრუქტურიზაციის პროცესს უკავშირებს და მას დროებით ფაქტორად განიხილავს.
ცხადია, არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს და Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით შემცირდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $690 მილიარდამდე დაეცა.


Audi ჰიბრიდული მოდელების დიაპაზონს აფართოებს

გერმანული ბრენდი Audi-ი საკუთარ სამოდელო რიგში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება სრული ელექტრიფიცირების ვადების გადაწევას, ასევე ბრენდის ხელმძღვანელი გერნოტ დოლნერი აცხადებს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში გლობალური ავტოწარმოების დიდი ნაწილი შერეული იქნება. Audi-ში ასევე მიიჩნევენ, რომ ჰიბრიდული მოდელების დიაპაზონის გაფართოება, მათი მომხმარებლებისთვის ელექტრომობილებზე გადასვლას გაამარტივებს. უახლესი ICE მოდელი Audi-ს ხაზში 2026 წელს ახალი Q7 კროსოვერი იქნება. კლასიკური წვის სისტემის მიტოვებას კომპანია 2033 წლისთვის გეგმავს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ელექტრომობილების პოპულარობის უმნიშვნელო შემცირების მიუხედავად, მომდევნო ათწლეულში მწარმოებლები იძულებულნი იქნებიან ამ მიმართულებაზე გადაერთონ.

Mercedes-Benz-მა EQC-ის წარმოება შეწყვიტა

Mercedes-Benz-მა ზედმეტი ხმაურის გარეშე, შეიძლება ითქვას, საერთოდ უხმაუროდაც კი EQ ხაზის პირველი მოდელი წარმოებიდან ჩახსნა. უფრო კონკრეტულად, გერმანელმა ავტომწარმოებელმა EQC ელექტრო კროსოვერის წარმოება შეწყვიტა. ბრენდის პირველი ელექტრო კროსოვერის გაყიდვები 2019 წელს დაიწყო, თუმცა მან პოპულარობის მოპოვება ვერ მოახერხა, 2023 წლის მეორე კვარტალიდან კი მისი წარმოებიდან მოხსნა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. საუბარი იმაზე, რომ EQC ბაზარზე წარუმატებელია 2022 წლიდან დაიწყო. იყო მოლოდინი, რომ ეს მოდელი მემკვიდრის გარეშე გაქრებოდა. რატომ ვერ გახდა გამორჩეული გერმანული ბრენდის ელექტროქროსოვერი პოპულარული? მიზეზი შეიძლება ძალიან ბევრი ვნახოთ, უმთავრესი კი ალბათ მისი მახასიათებლებია. ყველაზე მძლავრი EQC 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 80 კილოვატ საათიანი ელემენტები ჰქონდა, ერთი სრული დამუხტვით კი მისი მანძილის დიაპაზონი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა კონკურენტებთან მიმართებით, 373-დან 437 კილომეტრამდე. მერსედესში ამტკიცებენ, რომ EQC ის ახალ სიცოცხლეს შთაბერავს და ის ბაზარზე ტესლა მოდელ 3 ის კონკურენტად გამოჩნდება.

Stellantis წაგებიანი ბრენდების დახურვას ან გასხვისებას განიხილავსმსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო კორპორაცია Stellantis წაგებიანი ბრენდების დახურვას ან გასხვისებას განიხილავს. კონცერნი, რომელიც 2021 წელს, Fiat Chrysler Automobiles-ის და Groupe PSA-ს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა 14 ბრენდს აერთიანებს. ეს ბრენდებია, Citroën, Fiat, Opel, Vauxhall, Peugeot, Abarth, Ram, Dodge, Chrysler, Jeep, Lancia, DS Automobiles, Alfa Romeo და Maserati. სამი წლის წინ, კორპორაცია ინვესტორებს და მომხმარებლებს ყველა მიმართულებით ინვესტირებას დაჰპირდა, თუმცა მიმდინარე პერიოდში მენეჯმენტი ამ სტრატეგიის სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული აღარ არის. Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორის კარლოს ტავარესის თქმით, დროა წაგებიანი ბრენდების თავიდან მოცილების დროა.
ტავარესმა აღნიშნა, რომ Stellantis-ს აღარ შეუძლია შეინარჩუნოს ისეთი ბრენდები, რომლებიც არ არის მოგებიანი. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რომელ ბრენდებს გულისხმობდა ტოპმენეჯერი. სავარაუდოა, რომ ისეთ დიდ სახელებს, როგორიცაა Fiat, Opel/Vauxhall, Peugeot, Citroën, Jeep და Ram, გაქრობის საფრთხე არ ემუქრებათ. იგივე ითქმის Alfa Romeo-ზეც, რომელსაც ტავარესმა ცოტა ხნის წინ ჯგუფის „უდიდესი სამკაული“ უწოდა. დანარჩენები, ამა თუ იმ ხარისხით, რისკის ქვეშ არიან.
ინსაიდერების თქმით, Stellantis-მა შესაძლოა სცადოს Maserati-ს გაყიდვა და Lancia-ს ან DS-ის დახურვა.
ასევე რისკის ქვეშ არიან Dodge და Chrysler. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელის შემადგენლობაში, 300C სედანთან დამშვიდობების შემდეგ, ახლა მხოლოდ ერთი მოდელი, მოძველებული Pacifica მინივენი შემორჩა. გარდა ამისა, ჭორები Chrysler-ის ლიკვიდაციის შესახებ უკვე წლებია ვრცელდება.

სმარტფონების მწარმოებელი Meizu ავტომობილების წარმოებას იწყებს

ავტომწარმოებლებს სმარტფონების კიდევ ერთი ბრენდი შეუერთდა - ეს ჩინური ბრენდი Meizu-ა. კომპანია Meizu-მ, რომელიც უმსხვილესი ჩინური კონცერნის Geely-ის კონტროლის ქვეშაა, პირველი ავტომობილის პრემიერის შესახებ განაცხადა. როგორც სმარტფონების მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, პრემიერა 2024 წლის ბოლომდე შედგება. საინფორმაციო სააგენტო, CarNewsChina აქვეყნებს მოდელის ტიზერებს და აზიარებს ინფორმაციას, რაც მომავალ ავტომობილზე მიმდინარე ეტაპზეა ცნობილი. მათი ცნობით, პროექტს DreamCar MX ჰქვია და მასში ჩართული არიან ბრენდის მომხმარებლები - სწორედ ისინი სთავაზობენ Meizu Automobile-ს საკუთარ იდეებს სპეციალურად ამისთვის შექმნილ პლატფორმაზე.

ტიზერის სურათებით თუ ვიმსჯელებთ, DreamCar MX კლასიკური სედანია. ინტერიერში წინა პანელზე არის მართკუთხა ციფრული დაფა და ინდივიდუალური ცენტრალური მონიტორი, მულტიმედია სისტემისთვის. ახალი პროდუქტი არ ჰგავს არსებულ Geely-ს მანქანებს არც ექსტერიერით და არც ინტერიერით. თუმცა ცნობილია, რომ ის დაფუძნებულია SEA არქიტექტურაზე და ჰოლდინგის ერთ-ერთ ქარხანაში იქნება წარმოებული. ზომით, Meizu-ს სედანი Lynk & Co Z10-ის მსგავსი იქნება.

ცნობისთვის, Meizu უჩვეულო მიდგომას იყენებდა თავისი ავტომობილის პოპულარიზაციისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბაზარზე შესული. Meizu 21 სმარტფონის პრეზენტაციისას კოპანიამ პირობა დადო, რომ მის ფასს მანქანის ღირებულებიდან გამოაკლებდა.
თავად Meizu 2003 წელს დაარსდა, როგორც ელექტრონიკის მწარმოებელი, ხოლო 2008 წლიდანსმარტფონების ბაზარზე შევიდა. კოპანია საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და 2015 წლისთვის Meizu გახდა მსოფლიოში მეთერთმეტე უდიდესი სმარტფონების მწარმოებელი.

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? - TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი ქვეყნების TOP-10-ეული თანხის ჭრილში, ჩამონათვალში ხვდებიან ისეთი ქვეყნებიც, საიდანაც ძალიან მცირე ოდენობის, თუმცა ძვირად ღირებული ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2024 წლის 6 თვეში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები შემოვიდა:
1. იტალია - საშუალო ფასი $120.2 ათასი ($10.3 მლნ. 86 ერთეული);
2. აზერბაიჯანი - საშუალო ფასი $111.6 ათასი ($7.03 მლნ. 63 ერთეული)
3. გაერთიანებული სამეფო - საშუალო ფასი $91.9 ათასი ($13.5 მლნ. 147 ერთეული);
4. ავსტრია - საშუალო ფასი $61.6 ათასი ($1.4 მლნ. 23 ერთეული) ;
5. გერმანია - საშუალო ფასი $53.8 ათასი ($180.1 მლნ. 3,346 ერთეული);

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები