მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია აღმაშენებელზე კაფეებს სივრცეების მოწესრიგების ვადას 24 აგვისტომდე აძლევს - "შემდეგ დავიწყებთ დემონტაჟს"

თბილისის მერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებს 24 აგვისტომდე აქვთ დრო, თავიანთი სივრცე მოაწესრიგონ, სხვა შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახური დემონტაჟს დაიწყებს.

მისი თქმით, იქ მაცხოვრებელი თუ მიმსვლელი ბევრი ადამიანი წუხდება, აღმაშენებელზე განლაგებული კაფეებით, რადგან ფეხით მოსიარულეს ან სასწრაფო, სახანძრო ავტომობილებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

როგორც კახა კალაძემ თქვა, ამ დროის მონაცემებით, მერიას აღნიშნულ საკითხზე კაფე-ბარის მფლობელების მცირე რაოდენობამ მიმართა.

„აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებს, სადაც ფეხით გავლა ფაქტობრივად შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები - ამას არ ვუზღუდავთ, პირიქით პანდემიის პერიოდში იცით, როგორი მხარდაჭერა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც თქვენ გაქვთ გაკეთებული, კატეგორიულად მიუღებელია.

გონივრულ ვადას გაძლევთ, ეს ყველაფერი მოაწესრიგოთ, რადგან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ღია კაფეების მოცულობა უნდა შემცირდეს, რადგან ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს ფეხით მოსიარულეთათვის ან სასწრაფო, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ.

დღეის მდგომარეობით რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რომ თავისი კაფე- ბარის არეალი მოეწესრიგებინა, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, რადგან ასე არ გამოვა. როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, ისევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები და მიმსვლელი ადამიანები.

ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზად არის თანამშრომლობისთვის, ამიტომ თუ აღნიშნული სივრცეები მოწესრიგებული არ იქნება, კანონის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს.

24 აგვისტომდე უნდა იყოს შემოსული კონკრეტული წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში, როგორ უნდა მოხდეს ამის რეგულაცია და მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განცხადება ივლისის ბოლოსაც გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები