თბილისის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე 40ა ნომერში 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 9 აგვისტოს გამოცემული განკარგულებიდან ირკვევა.
პროექტის ღირებულება 11.6 მილიონ ლარს შეადგენს და მას თბილისის მერიას დაქვემდებარებული თბილისის განვითარების ფონდი ააშენებს. პროექტთან დაკავშირებით ტენდერს სწორედ აღნიშნული ფონდი გამოაცხადებს.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისში, შუამთის ქუჩა №40ა-ში მდებარე 1524 კვ/მ მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.20.022.025) 11-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო (მათ შორის, სარემონტო) სამუშაოების, მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების მოჭრის, გადარგვისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების, მიწაზე არსებული წყალარინების ქსელის გადატანისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და ანგარიშსწორების განსხვავებული პირობების დადგენის შესახებ,"- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება შესაბამისი სამშენებლო ტენდერი.