თბილისის მერიამ ღია კაფეებს ახალი შეღავათი დაუწესა, - როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, გადაწყვეტილება მერიამ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღო.
კერძოდ ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ
აქვთ.
"თქვენ იცით, რომ კაფეები და ბარები გათავისუფლებული იყვნენ საიჯარო გადასახადებისგან. თუ რომელიმე კონკრეტულ კაფეს, ბარს აღებული აქვს იჯარით რომელიმე შენობა, ან შეიძლება ეს იყოს რესტორნის წინ აღებული მიწის ნაკვეთი, ისინი გათავისუფლებული არიან საიჯარო გადასახადისგან იმისთვის, რომ მასიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს.
გუშინ, გუშინწინ მე მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრთან და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა. გეძლევათ დროებით შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ტერიტორია გამოიყენოთ და არ მოექცეთ მხოლოდ თქვენს ტერიტორიაში. შეგიძლიათ გაშალოთ მაგიდები ისე, რომ დაიცვათ სოციალური დისტანცია და პროტოკოლი. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლითაც ვცდილობთ ხელი შეგიწყოთ", - განაცხადა კალაძემ.