მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერია მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს" - თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ₾20 000 იქნება

თბილისის მერია

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტებისთვის დამატებული ღირებულების შექმნის ხელშეწყობას - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ თქვა, პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.

„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. ეს ინიციატივა იმ მეწარმეებისთვისაა, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად. დაფინანსება დაეხმარებათ მათ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაში, წარმოების პროცესების გაუმჯობესებასა და დასაქმების ზრდაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, პროგრამა დაფარავს როგორც წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების, მანქანა-დანადგარების შეძენას, ასევე იმ რესურსებს, რომლებიც პროდუქტის გადამუშავებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.

პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარია. თანამონაწილეობის პროპორცია შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • 5 000 ლარის ჩათვლით – თანადაფინანსების 10%;
  • 5 001 – 20 000 ლარის ფარგლებში – 15%.

დაფინანსების მიღების მსურველები შეფასდებიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. უპირატესობა მიენიჭება მოქმედ საწარმოებს, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმას ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად და დაასაბუთებენ, რომ ინვესტიცია შეამცირებს ხარჯებს, გაზრდის წარმოების მოცულობას ან გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს.

კახა კალაძის ინფორმაციით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია განცხადების ფორმასა და საჭირო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები