მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია რუსთაველის გამზირზე არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის რეაბილიტაცია

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს განცხადებით ეხმაურება.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების დროს არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენისას მერია მჭიდროდ თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და შემდგომ ნაბიჯებს სწორედ მისი რეკომენდაციების საფუძველზე დგამს.

„ბუნებრივია, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაციაც დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება — ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

დედაქალაქის მერიის განმარტებით, რუსთაველის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალაზე საუბრობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „თავისუფლების მოედნის“ მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთზე აღმოჩნდა აგურის წყობები, რომლებიც შესაძლოა XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემის ნაწილი იყოს. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე სავარაუდოდ X-XI საუკუნეების კერამიკული ჭურჭელიც არის აღმოჩენილი.

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა უცნობია, იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენებისა და არტეფაქტების შესწავლა. ასევე, უცნობია არქეოლოგიური ზედამხედველობის განმახორციელებელი სპეციალისტის ან ჯგუფის ვინაობა.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის მერიას კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს, რათა გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა შეისწავლონ და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური ზედამხედველობა უკეთ იყოს კოორდინირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები