თბილისის მერის განცხადებით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი აშენდა.
„აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ცხოველი გადავიყვანოთ თავშესაფარში სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოში აპრობირებული ერთადერთი ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდია ქუჩის ბინადარი ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია, საოპერაციო ბლოკი, პოსტოპერაციული სივრცე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ცენტრი იზოლირებულია არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება, რაც დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
კახა კალაძის განცხადება მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პოპულაციების მართვის ცენტრს კომპანია „ბილდკინგსმა" აშენა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ტენდერი 2023 წლის ნოემბერში გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 734 725 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ New Georgia-მ და „ბილდკინგს“-მა მიიღეს.
კომპანია „ბილდკინგსი“ 2016 წელსაა რეგისტრირებული. მის წილებს ფლობენ: ლაშა რუხაძე (40%), ნანო რუხაძე (20%) და ნელი კალაძე (40%).




























