მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია წელს თბილისობის ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3.1 მლნ ლარს დახარჯავს

თბილისობა მერია
BM. GE
17.08.23 12:30
101

თბილისის მერიამ დედაქალაქში 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს თბილისობის ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

შესაბამისი განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე 16 აგვისტოს აიტვირთა. როგორც თბილისის მერიის წერილში ვკითხულობთ, ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკსა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება, რომელიც კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაციები/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, ფრანების ხეივანი. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში.

ასევე მოეწყობა მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეწარმეო და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ტკბილეულის ფესტივალი, გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“ და „გაუსინჯე თბილისს გემო/Taste Tbilisi“, რომლის ფარგლებში, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობა, ადგილობრივი მცირე და საშუალო ტიპის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება საზეიმო კონცერტი - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიუზიკლი ,,და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!“.

როგორც ატვირთულ წერილში ვკითხულობთ, თბილისის მერიამ თბილისობის ღონისძიების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების გადაწყვეტილება ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე მიიღო. მათი თქმით, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. მერიაში მიაჩნიათ, რომ ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი თქმით, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია “თბილისობის” დღესასწაულს თითქმის ყოველ წელს გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. გასულ წელს აღნიშნულ ღონისძიებებზე გამარტივებული წესით 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები