თბილისის მერია დაბა წყნეთისა და დაბა კოჯრის ცენტრალური ნაწილების რეაბილიტაციას გეგმავს. ორივე პროექტზე ელექტრონული ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ხოლო წინადადებების მიღება 13 ივლისს დასრულდება.
პროექტების შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია და სამშენებლო კომპანიებს სატენდერო პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წყნეთის პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 556 764 ლარს შეადგენს. ტენდერი მოიცავს ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე სამწლიანი საგარანტიო ვალდებულება გავრცელდება.
რაც შეეხება კოჯრის პროექტს, მისი სავარაუდო ღირებულება 1 764 175 ლარია. ტენდერი ითვალისწინებს მთაწმინდის რაიონში, დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. წინადადებების მიღება ასევე 10 ივლისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა ამ შემთხვევაშიც წერილობითი დავალების გაცემიდან 60 კალენდარული დღეა, ხოლო საგარანტიო ვადა – სამი წელი.
ორივე ტენდერის ჯამური სავარაუდო ღირებულება 3 320 939 ლარს შეადგენს.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტების ფარგლებში ცენტრალური სივრცეების განახლება მიზნად ისახავს როგორც საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას. სამუშაოები მოიცავს მიწისქვეშა საკაბელო არხების მოწყობას, გარე განათების ქსელის განახლებას, ენერგოეფექტური LED სანათების მონტაჟს, გზების რეაბილიტაციას, ტროტუარების კეთილმოწყობასა და გამწვანების ღონისძიებებს.




























