თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს ყველა იმ ობიექტის შესწავლა დაავალა, რომლებზეც დასკვნაც “მშენექსპერტს” აქვს გაცემული. როგორც კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, ამ კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტრო დასკვნის გაყალბებას ედავება.
“მინდა დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს "მშენექსპერტს". ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება",-განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკის შადრევანი თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. გამოძიების ვერსიით, საექსპერტო დასკვნა შპს "მშენექსპერტმა" გააყალბა.




























