"მერიამ 1000-მდე კრიტიკული ლოკაციიდან საპარკინგე სივრცე მხოლოდ 120 წერილზე გამოგვიყო" - ამის შესახებ bm.ge-ს დისტრიბუტორთან ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის ბოლოს, თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა სადისტრიბუციო ავტომანქანებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა დააანონსა. როგორც კახა კალაძე მაშინ აღნიშნავდა, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობოდა.
როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, მერიას, დედაქალაქის მასშტაბით იმ 1000-მდე ლოკაციის შესახებ ეცნობა, სადაც პარკინგის მოწყობა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათგან კი პარკინგი მხოლოდ 120 ადგილას მოეწყო.
"თავიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 550 წერტილი განვსაზღვრეთ და მივაწოდეთ მერიას, ჯამში კი დედაქალაქის მასშტაბით 1000-მდე წერტილი მოვინიშნეთ, საიდანაც მაშინ მხოლოდ 120 ლოკაცია გამოიყო. გვითხრეს, რომ ქუჩების რეაბილიტაციის დროს გაითვალისწინებდნენ სხვა ადგილებს.
გვითხრეს, რომ ახლად რეაბილიტირებულ ქუჩებზე, ყველგან, სადაც მაღაზია იქნებოდა, გაითვალისწინებდნენ საპარკინგე სივრცესაც, თუმცა იმ 1000-მდე კრიტიკულ წერტილში, სადაც მნიშვნელოვანი იყო პარკინგის მოწყობა და დღეში 10-დან 7 მანქანა ჯარიმდება, მხოლოდ 120 ადგილი გამოიყო. როგორ უნდა მოხდეს ობიექტის მომარაგება, როდესაც ამდენი ობიექტის და მაღაზიის წინ ავტომობილები ყოველდღიურად ჯარიმდებიან?" - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
სადისტრიბუციო ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოეწყობა - მერია