დედაქალაქის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში მონაწილეთა მიღებას იწყებს. რეგისტრაციის პროცესი 17 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს.
პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ (BAG) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მოაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თანამშრომლობის მიზანი შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრა და კადრების ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მომზადებაა. პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კერძო სექტორიც დაემატა.
„15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 75% დასაქმებული - ეს ის მაჩვენებელია, რომელიც პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ამოქმედების შემდეგ მივიღეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გადამზადების და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, რადგან ბოლო წლებში ბაზარი დარგის სპეციალისტების დეფიციტს განიცდიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, მნიშვნელოვანი სიახლეა კერძო სექტორის ჩართულობა, რაც, მისი თქმით, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში 2026 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-დან 16 წლამდე შემცირდა. ასევე, ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც კურსდამთავრებულებს პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებაში დაეხმარება.
მიმდინარე მიღებაზე ორი პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა. შესაბამისად, პროგრამას დაემატა ახალი კურსები, მათ შორის: დრონის მართვა, ელექტროდამტენების სპეციალისტის მომზადება, ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებისთვის და ვებსაიტების შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლიდან. რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე dasakmdi.ge, ხოლო სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, შესაბამისი საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის დელეგატები, საკრებულოს წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პროგრამის კურსდამთავრებულები.




























