მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ დისტრიბუციის დაპირებული 550 წერტილიდან, მხოლოდ 130 გამოყო - ასოციაცია

დისტრიბუცია

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ლაშა რიჟამაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მერიას დაპირებული დისტრიბუციის 550 წერტილიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ 130 ადგილამდე აქვს გამოყოფილი.

მისი ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანების დაჯარიმება სადისტრიბუციო კომპანიებისთვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში პროდუქციის საბაზრო ფასის განმსაზღვრელიაცაა.

„გამოწერილი ჯარიმები, თვის ჭრილში არის იმდენად სოლიდური თანხა, რომ რა თქმა უნდა, ის ფასის ფორმულირებაზე ზეგავლენას ახდენს და იმ ხარჯის შემადგენელი ნაწილია, რაც პროდუქციის საბაზრო ფასს განსაზღვრავს. მით უფრო, როდესაც შეიცვალა საკანონმდებლო დონეზე და გაიზარდა ჯარიმის ოდენობა 5-ჯერ, ამან არსებითად შეცვალა ის ხარჯები, რაც გათვალისწინებული და ნავარაუდევი იყო.

გარდა ამისა, პრობლემა დადგა მათ შორის გასულ პერიოდში გამოწერილი ჯარიმების ინტენსივობასთან დაკავშირებით. ანუ, ის რა ფორმითაც ბიზნესებს გათვლილი ჰქონდათ, რომ პირობითად, თვის ჭრილში x რაოდენობის შესაძლო დარღვევაზე იყო გამოწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმი, ეს გამოწერის რაოდენობები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან ასახვა ფინანსური კუთხით ხარჯზე პოვა, რისი გადახდაც უწევთ.

მერიას დისტრიბუციისთვის ადგილები უნდა გამოეყო. დედაქალაქის მერიამ ოფიციალურადაც გაჟღერდა, რომ დისტრიბუციის ადგილის გამოყოფას 550 ადგილას შეძლებდნენ. ჩვენ მათ მივაწოდეთ ეს 550 წერტილი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, სადაც ხშირად ხდებოდა დაჯარიმება და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ მხოლოდ 130 დისტრიბუციის ადგილამდეა გამოყოფილი. დანარჩენებზე მივიღეთ პასუხი, რომ ვერ მოხდებოდა ადგილის გამოყოფა. მერიას დამატებით კიდევ მივაწოდეთ არა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წერტილების 1000-ზე მეტი მისამართი დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ამ ეტაპზე, გამოყოფილი არ არის“,- ამბობს რიჟამაძე.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მერიის მხრიდან ერთადერთი დათმობა არის ის, რომ სამომავლოდ, ყველა გარემონტებული დედაქალაქის ქუჩაზე, ისინი სპეციალური სივრცის დატოვებას უზრუნველყოფენ.

ჯარიმების ფასზე გავლენაზე საუბრობენ პურის მწარმოებლები და სხვა კომპანიებიც.

პურის დისტრიბუციის ჯარიმები პროდუქტის ფასზე აისახება - მწარმოებლები პასუხისმგებელ უწყებებს მიმართავენ

“რიგ შემთხვევებში, კომპანიებს თვეში ₾10-15 ათასის ჯარიმა მოსდით”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები