მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ სანიაღვრეების და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირების ტენდერი გამოაცხადა

წყალდიდობა დატბორილი ქუჩა

ქალაქ თბილისის მერიამ თბილისის მასშტაბით წყალსადენის, სანიაღვრე, სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის გამოცხადება მოჰყვა 6-7 ივლისის ინტენსიურ წვიმებს, რომლის შედეგადაც დედაქალაქის არაერთი ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.

ელექტრონული ტენდერის (NAT260014063) სავარაუდო ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს, დღგ-ის ჩათვლით. წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება, ხოლო მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის სხვადასხვა უბანში წყალსადენის, სანიაღვრე, სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელების მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

დღესვე თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემა მიწისქვეშა ქსელების მიმართულებით და მერია მის საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

"როგორც მოგეხსენებათ, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შექმნა აღნიშნულმა ამინდმა. ე.ი. არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან თუნდაც გამგეობის თანამშრომლების არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და, რა ვიცი, ყველგან, სადაც იყო აუცილებლობა, ყველგან ვიყავით მისულები. ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული... თვითონ რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა - არის ორი პრობლემა: ერთი, როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ფოთლებით, ასევე ნარჩენებით, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად სანიაღვრე ქსელების არარსებობა ან მოძველება.

შესაბამისად, იმიტომ არის 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აბსოლუტურად, ეს იქნება ქუჩები, გამზირები, სადაც რეაბილიტაციას ვახორციელებთ. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ზოგადად მთელი ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ამიტომ სადაც ვიწყებთ სამუშაოებს პირველად კეთდება მიწისქვემოთ არსებული ქსელის გამოცვლა, მოწესრიგება და განახლება. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრულია, რომ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების საპროექტო გადაწყვეტილებები არსებულ სისტემასთან უნდა იყოს ინტეგრირებული და შეთანხმდეს როგორც თბილისის მერიასთან, ისე შპს „თბილსერვის ჯგუფთან“. წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების პროექტები კი შეთანხმებას საჭიროებს მერიასთან და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“.

დოკუმენტაციის თანახმად, მიმწოდებელს ერთდროულად მინიმუმ სამი ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე, მას დაევალება სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში პროექტების კორექტირება.

ტენდერის პირობებით, თუ სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში საპროექტო დოკუმენტაციაში უზუსტობები ან შეუსაბამობები გამოვლინდება, მიმწოდებელი ვალდებული იქნება, მუნიციპალიტეტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი ხარჯებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და განახლებული დოკუმენტაცია წარადგინოს.

პროექტირების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები მოიცავს საველე საკვლევაძიებო და კამერალურ სამუშაოებს, ტოპოგეოდეზიურ გადაღებებს, საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს, საჭიროების შემთხვევაში ჰიდროლოგიურ კვლევებს, მუშა პროექტების, გეგმების, პროფილების, ჭრილების, სპეციფიკაციებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებას, ასევე სატენდერო პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენას.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეულ საპროექტო ობიექტზე მომზადებულ დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულებასაც მიმწოდებელი დაფარავს.

ტენდერის ფარგლებში წინადადების წარდგენის უზრუნველყოფის გარანტია 1 700 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღეს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები