კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N23-ში საცხოვრებელი ფართები გადაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები კომპანია "ბადენი დეველოპმენტმა" აწარმოვა.
თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული, მიმდინარე წელს კიდევ 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში დამატებით 575 ოჯახი დაკმაყოფილდება.
"გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებული პრობლემა, რომლის უკან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ათასობით ოჯახი იდგა, ყველას გადაუჭრელი ეგონა.
მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია "ბადენი დეველოპმენტს", რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ვადაზე ადრე, 2025 წლის ბოლოს დაასრულა. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი კომპანია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს თითოეული წელი თუ თვე ამ ოჯახებისთვის. მიმდინარე წელს 12 პროექტი დასრულდება, რომლის ფარგლებში კიდევ 575 ოჯახი დაკმაყოფილდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილება კახა კალაძის წინა საარჩევნო დაპირება თითქმის 10 წლის წინ, 2017 წელს იყო. პროგრამის განხორციელება 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანი დაზარალებული მოსახლეობისთვის ალტერნატიული ფართების გადაცემაა. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი, საიდანაც, მერიის ცნობით, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებულია 2500.




























