თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის გაყვანის 416-მილიონიანი ტენდერი დღეს ხელახლა გამოაცხადა, ხოლო წინა ტენდერი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და ერთხელ უკვე გახანგრძლივდა ანულირებულია. გადაწყვეტილებას თან ახლავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, საიდანაც ირკვევა რომ წინა ტენდერი შეწყდა საპროექტო დოკუმენტაციის ბუნდოვანების გამო, რადგანაც საერთაშორისო საინჟინრო კომპანიებმა დააყენეს მრავალი საკითხი რომლებიც გარკვევას საჭიროებდა, შესაბამისად ახალი ტენდერი დაზუსტებული დოკუმენტაციით გამოცხადდა. კომპანიებს ახალ ტენდერში წინადადებების წარდგენა 2026 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.
"წინამდებარე ტენდერში მიმწოდებლების მხრიდან დასმული შეკითხვების გათვალისწინებით (მათ შორის შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა ხე-მცენარეების ტაქსაციას, ტრამვაის გაჩერებების ადგილას საავტომობილო გზებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობას, ესტაკადების მოწყობას) ცვლილებას საჭიროებს სატენდერო დოკუმენტაცია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის N26.207.237 განკარგულებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ დაევალა ტრამვაის ხაზისა და დეპოს ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შეწყვეტა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი უნდა იყოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც პროექტს Design-Build (DB) მეთოდით განახორციელებს, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.
პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას, რომელიც პროექტს განახორციელებს 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.
416-მილიონიანი ტენდერი არ მოიცავს ტრამვაის 11 შემადგენლობის შესყიდვას, რისთვისაც მომავალში ცალკე ტენდერი გამოცხადდება.




























