მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

 გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №8-ში მდებარე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

NAT260017763-ის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.376 მილიონი ლარია, დღგ-ის ჩათვლით. ტენდერი 21 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 9 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.

შესყიდვა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ითვალისწინებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ძირითადი მიმართულებებია შენობის გამაგრება, ფასადების გაწმენდა, ლესვა და შეღებვა, სახურავის რეკონსტრუქცია, ასევე სანიტარული კვანძებისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მუზეუმის შენობა XIX საუკუნის 50-იან წლებშია აგებული და თავდაპირველად მეფისნაცვლის სასახლეს წარმოადგენდა. ნაგებობა ნეოკლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.

შენობაში გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი 1938 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია ქართული და უცხოური ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, მათ შორის ხელნაწერები, მწერლებისა და მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობის კონსტრუქციებს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა აქვს, დაფიქსირებულია ჯდენითი დეფორმაციებიც. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ცალკეული დაზიანებული უბნების არსებული მდგომარეობით ექსპლუატაცია არასაიმედოა და გამაგრება-გაძლიერებას საჭიროებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შენარჩუნებას. სააგენტოს მოთხოვნით, გამოყენებული ყველა მასალა ახალი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები