თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა. სავარაუდოდ, კონტრაქტორების გაზრდილი რაოდენობა შეირჩა იმიტომ, რომ მათ პროექტის რეაბილიტაცია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსით უნდა გააგრძელონ.
კონტრაქტების ღირებულება 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
“ბლექ სი გრუპი” - 4 მილიონი ლარი;
“პარმა” - 5.6 მილიონი ლარი;
“ენკო” - 3.5 მილიონი ლარი;
“ჯეუ გრუპი” - 4.4 მილიონი ლარი.
კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.
ამ კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებში ამ დრომდე მერიის მიერ გადახდილი თანხები 11.6 მილიონ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მერიის ინფორმაციით, კონტრაქტების გაწყვეტა პროექტის მთლიანი ღირებულების ზრდას არ გამოიწვევს.