თბილისის მერი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ორი, კომპანია რომლებიც წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებდნენ, ვადაში ვერ ასრულებდნენ სამუშაოს და მერიამ მათთან ხელშეკრულებები გაწყვიტა. გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა და სამუშაოებს სხვა კომპანიები გააგრძელებენ.
„წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან მასშტაბურია, გვინდა ფუნდამენტური ცვლილებები განვახორციელოთ ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შევდივართ. დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების შესრულება. სამუშაოების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, რაც არახალია. კომპანიები ხშირად ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვთ.
ამჯერადაც ასეთი შემთხვევა იყო და მოგვიწია დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგეს. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს მათ ვადის გადაწევასთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთან გავწყვიტოთ ხელშეკრულება. ახალი კომპანიები შერჩეულია და ხელშეკრულებები გაფორმებული. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩემს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს - ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა კალაძემ.