მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მერიაში 30 000 თანამშრომელია" - კალაძე ამბობს, რომ გვანცელაძის შესაძლო დანაშაულზე ინფორმაცია არ ჰქონდა

კახა კალაძე

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა დღეს კიდევ ერთხელ დაუსვეს შეკითხვები სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

ბრალდების მიხედვით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ბაგა-ბაღების შესყიდვებში მეწარმეებისგან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

კახა გვანცელაძე ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან, კახა კალაძის მერობის პერიოდში იკავებდა. მან თანამდებობა და ქვეყანა 2023 წელს დატოვა.

კალაძემ აღნიშნულ თემაზე გუშინ, 23 დეკემბერს, ზოგადი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებდა.
„გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით ვერაფერს ვიტყვი... ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დღეს კი ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კახა გვანცელაძე დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში, რომ გვანცელაძე თაღლითურ სქემებში მონაწილეობდა, კალაძემ უპასუხა

„არა, არ ვყოფილვართ. რომ ვყოფილიყავით, ამას მოყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება“.

მედიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ბაგა-ბაღების სააგენტო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და გვანცელაძე თავად მერის მიერ იყო დანიშნული. ამაზე კალაძემ განაცხადა, რომ მერიის სისტემაში ათიათასობით თანამშრომელია.
„კი, რა თქმა უნდა, არის მერიის დაქვემდებარებაში... ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ... მერიას ჰყავს 30 000-მდე თანამშრომელი“, – თქვა მან.

ჟურნალისტებმა კალაძეს ასევე შეახსენეს საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომელმაც ბაგა-ბაღების სააგენტოს საქმიანობა შეისწავლა და დარღვევები ვერ გამოავლინა. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს ლევან ჯაფარიძე, რომელიც მოგვიანებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაწინაურდა.

თბილისის მერის თქმით, ტენდერების ნაწილში მერიისთვის კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.

„ჩვენც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში. იმის უკან რა იდგა, რა იყო, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს მინიმუმ გულგრილობას თბილისის მერის მხრიდან, კახა კალაძემ უპასუხა: „არ ვიცი, დაველოდოთ...“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები