მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიიდან რეგიონულ განვითარებაში - მინისტრ კახა გულედანის მოადგილე ზაზა კვიციანი იქნება

ზაზა კვიციანი

"ოცნების მთავრობაში" ახლად შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს მინისტრის, კახა გულედანის მოადგილე ამ დრომდე მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანი იქნება.

შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა.

bm.ge უკვე დაუკავშირდა თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ კვიციანი ამ დრომდე იკავებდა მოადგილის თანამდებობას.

დამატებითი დეტალებისთვის კი გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, რომელზე პასუხიც 10 სამუშაო დღეში იქნება.

ღია წყაროებში ზაზა კვიციანზე მწირი ინფორმაცია იძებნება. მათ შორისაა IDFI-ს 2022 წლის კვლევა მუნიციპალიტეტების მიერ საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვის პრაქტიკა, სადაც ორგანიზაცია წერს, რომ " შპს “ოპტიმალ გრუპ +”-მა აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება - 9.6 მილიონამდე მიიღო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. 2021 წლის მონაცემებით კი კომპანია მხოლოდ წალკის მუნიციპალიტეტმა დაიქირავა და 173 ათასი ლარის მომსახურება დაუკვეთა. კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა ზაზა კვიციანი კვიციანს საკუთარი წილის მართვა დათმობილი აქვს გიორგი შიოლაშვილისთვის. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ხელშეკრულებების სავარაუდო ჯამური ღირებულება 9 მლნ ლარამდეა, ძირითადი შემსყიდველი კი შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიაა". სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კვიციანი კვლავ კომპანიის წილის მფლობელია, თუმცა მართვაში ამ დროისთვის, ამირან მალანიას აქვს გადაცემული.

რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, კახაბერ გულედანი დაიკავა. გულედანი იქამდე თბილისის ვიცე-მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები