თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი, რაც 2024 წლის მერიის ბიუჯეტზე ზუსტად 241 მილიონი ლარით ნაკლებია.
მერიის მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებები 145.6 მილიონ ლარამდე, რაც 2024 წელთან შედარებით 14-მილიონიან მატებას წარმოადგენს.
ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მნიშვნელოვანი შემცირებები არის გათვალისწინებული კულტურის, ნარჩენების შეგროვების, გზების მოვლა აღდგენის, საბინაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა მიმართულებებით. თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში განხილვების შემდეგ როგორც წესი ათობით მილიონი ლარით იზრდება და სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის აღნიშნული პროექტიც საბოლოო ვერსიაში ზრდის მიმართულებით დაკორექტირდება.
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და მათი ცვლილება 2024 წელთან მიმართებით ასე ნაწილდება:
- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა შეკეთება - 102 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 58 მილიონი ლარი;
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები - 38 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 27 მილიონი ლარი;
- თბილისის ავტობუსების პარკის განახლება - შევსება - 145 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 27 მილიონი ლარი;
- საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია - 346 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 60 მილიონი ლარი;
- სოციალური დაცვა - 127.5 მილიონი ლარი, 2024 წელთან შედარებით უცვლელია;
- ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება ("თბილსერვის ჯგუფისთვის" გამიზნული სუბსიდია) - 130.5 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 37 მილიონი ლარი;
- ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვა - 83.2 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 37 მილიონი ლარი;
- თბილისის განვითარების ფონდის დაფინანსება, ძველი შენობების ახლით ჩანაცვლება, გამაგრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 110 მილიონი ლარი, კლება 30 მილიონი ლარი;
- გარე განათება - 33 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 9 მილიონი ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვა - 37.5 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 2 მილიონი ლარი;
- ბიბლიოთეკების და კულტურის დაფინანსება - 40 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 24 მილიონი ლარი;
- დასვენება, რეკრეაცია, სპორტი - 14 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 21 მილიონი ლარი;
- საბავშვო ბაღების დაფინანსება - 219 მილიონი ლარი, კლება 2024 წელთან 16 მილიონი ლარი.
რაც შეეხება თბილისის მერიის 2025 წლის შემოსავლებს, ადგილობრივი გადასახადებიდან მერია 905 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, რაც 2024 წელთან შედარებით 43 მილიონი ლარი. მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი 252 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 7 მილიონი ლარი, ფიზიკური პირების ქონების გადასახადი 33 მილიონი ლარი, ზრდა 2024 წელთან 3 მილიონი ლარი და მიწაზე ქონების გადასახადი - 20 მილიონი ლარი (უცვლელია). ხოლო დღგ-დან თბილისის მერია 601 მილიონი ლარის მიღებას პროგნოზირებს, რაც 2024 წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით ნაკლებია. 2025 წელს თბილისის მერია ცენტრალური მთავრობიდან 513 მილიონი ლარის კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების მიღებას გეგმავს. ცენტრალური მთავრობისგან მისაღები თანხები 2024 წელთან შედარებით 7 მილიონი ლარით ნაკლებია. მომდევნო წელს თბილისის მერია აზარტული თამაშების მოსაკრებლებიდან 60 მილიონი ლარის მიღებას ელის, რაც 2024 წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, მშენებლობის ნებართვების მოსაკრებლებიდან მისაღები თანხა 19 მილიონი ლარია (ზრდა 2 მლნ); ტაქსის სანებართვო მოსაკრებლებიდან 4.8 მილიონი ლარი (ზრდა 2.6 მლნ), დასუფთავების მოსაკრებელი 80 მილიონი ლარი (ზრდა 5 მილიონი ლარი), საჯარიმო შემოსავლები 115 მილიონი ლარი (უცვლელია 2024 წელთან).