თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცხოველების ტრანსპორტირების საფასური გაზარდა. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ძაღლის და კატის შემთხვევაში 1 კილომეტრის მანძილზე ტრანსპორტირების ხარჯი 2 ლარი გახდა, წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარი, მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში კი – 6 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სტანდარტულად საერთო ფასი - 1 ლარი მოქმედებდა ყველა ცხოველის შემთხვევაში, ახალი დადგენილებით კი ფასები კლასიფიცირდა.
გაძვირდა დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასურიც 2 ლარიდან 5 ლარამდე ძაღლის და კატის, ასევე წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში - 10 ლარი გახდა.
ახალი დადგენილების თანახმად, ცალკე განისაზღვრა ცხოველების ლეშის ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასური: ძაღლის, კატის და წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში 60 ლარით, კატის შემთხვევაში - 40 ლარით. მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 180 ლარით.
რაც შეეხება სხვა მომსახურებებს, სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ძაღლის დაჭერა-გაყვანა – 60 ლარი;
ბ) კატის დაჭერა-გაყვანა – 50 ლარი;
გ) მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა – 150 ლარი;
დ) წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა –100 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია); ასევე, ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე და ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით.




























