თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ასე ეხმაურება ის პრემიერის განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კალაძე უალტერნატივო კანდიდატია.
მისი თქმით, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს.
„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი პრემიერს პოზიტიური შეფასებისთვის. ის, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტების განხორციელებაში. მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას. შეიკრიბება პოლიტსაბჭო და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე ვინ იქნება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ ექნება და იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი.