"მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი “ბაზისბანკისთვის” და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია ყველანაირად კონკურენციის გაზრდისთვის. აგრეთვე მეტი რაღაცეების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალცალკე შეეძლო,"- განაცხადა "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ "ბაზისბანკთან" დღეს გაფორმებულ შეთანხმებაზე.
"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" მფლობელ ჰოლდინგთან - Hunnewell Partners-თან ნასყიდობის შეთანხმებას დღეს მოაწერა ხელი. გარიგებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა "ლიბერთის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი რუხაძემ, რომელიც აღნიშნავს რომ ეს გარიგება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი.
ამასთან, რუხაძემ ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდა ბოლო რვა წლის განმავლობაში ბანკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მისი აქტივების ზომა 1.7 მილიარდი ლარიდან 6.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
"წელიწადნახევარია ამ გარიგებაზე ვმუშაობდით, ბატონ დავით ცაავასთან ერთად და მივიყვანეთ ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის, რომელმაც ეს ბანკი რვა წლის წინ იყიდა და ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან კარგი “ბაზისბანკისთვის” და მისი მფლობელებისთვის და ძალიან კარგია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ფაქტობრივად ორჯერ იზრდება მესამე ბანკი და ეს კარგია ყველანაირად კონკურენციის გაზრდისთვის. აგრეთვე მეტი რაღაცეების გაკეთება შეეძლება გაერთიანებულ ბანკს, ვიდრე ცალცალკე შეეძლო. დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის გუნდი მაღალი სინერგიით აითვისებს ამ ყველაფერს, რომ ეს ორი ბანკი ერთ ბანკად გადაიქცეს და ამაში წარმატებას ვუსურვებ. ბაზისბანკი არ არის ჩემთვის უცხო ბანკი, 90-იანებში მე ვიყავი თქვენი პირველი კლინეტი. “ლიბერთის” გაყიდვაზე სინანული მაქვს, რადგან დიდი სამუშაო გასწია “ლიბერთის” გუნდმა, რომ იქამდე მიგვეყვანა, სადაც ახლა არის. როდესაც ბანკი ვიყიდეთ მისი აქტივები იყო 1.7 მილიარდი ლარი, დღეს კი 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკი იყო მხოლოდ ერთი პროდუქტის - მიკროკრედიტების გარშემო შექმნილი და ჰქონდა უზარმაზარი პორტფელი საპენსიო სესხების და ეს იყო ძალიან ძვირი - 70-100% იყო ამ კრედიტების განაკვეთი და ჩვენ შევძელით განაკვეთის შემცირება, ხოლო საპენსიო სესხები ბანკის კრედიტების მხოლოდ 10%-ია. 5700 ადამიანი მუშაობს ჩვენ ბანკში და ჰყავს 1.8 მილიონი მომხმარებელი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 3.7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ეს დიდი მიღწევაა"- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
შერწყმის შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია. საკრედიტო პორტფელი 8 მილიარდი ლარი, რაც სისტემის 10.9%-ია, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი კი ასევე 8 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 11.5%-ია.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.
ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.1 მილიარდ ლარს შეადგენს, კრედიტების მოცულობა 4.42 მილიარდი ლარია. დეპოზიტები კი 4.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. უკუგება კაპიტალზე (ROE) 15.7%-ს შეადგენს. "ლიბერთის" აქტივები საქართველოს საბანკო სისტემის 5.80%-ია.
ბანკის აქციონერები ამ დრომდე იყვნენ Hunnewel Partners-ის დამფუძნებლები - ირაკლი რუხაძე 31.31%; ბენჯამინ ალბერტ მარსონი 31.31% და იგორ ალექსეევი 31.31%. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სწორედ ირაკლი რუხაძე ხელმძღვანელობდა.




























