მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში – „აგროსფერომ“ ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

649eb993bc8b1
BM.GE
30.06.23 16:00
395
„აგროსფეროს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველ ფერმერებსა და აგრონომებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცვნენ სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოყვანისა და მოვლის მოწინავე მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ტრენინგი ჰოლანდიურ კომპანიასთან, HollandDoor-თან პარტნიორობით ჩატარდა. ის აერთიანებს სოფლის მეურნეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს და უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებისა და ფერმერებისთვის.

„ქვეყანაში სასათბურე მეურნეობა ახლა განსაკუთრებით ვითარდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ამ მიმართულებით ძალების მოსინჯვას. ამიტომ, ვფიქრობ, HollandDoor-ის ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა ქართველ ფერმერებს დიდ დახმარებას გაუწევს. იმედი გვაქვს, მონაწილეები ამ ტრენინგის დახმარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას“, – ამბობს „აგროსფეროს“ ტრენინგ ცენტრ „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=zEa0qERgZtY

საქართველოში ტრენინგის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, „აგრარიუმთან“ ერთად, აქტიურად იყო ჩართული HollandDoor-ის წარმომადგენლობაც.

„მახარებს ის ფაქტი, რომ „აგროსფეროსთვის“ პრიორიტეტულია ცოდნის გაზიარება და ამგვარი ტრენინგებით ფერმერების უნარების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოში სასათბურე მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა ძველიდან ახალ პრაქტიკებზე გადასვლა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხორციელება. ფერმერებს უნდა სჯეროდეთ, რომ მათ მიერ გაღებული თავდაპირველი ხარჯები, საბოლოოდ, ფინანსურ მოგებაში აისახება.

მართალია HollandDoor საქართველოსგან მოშორებითაა, თუმცა ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, – ამბობს იოშ ლიითერსი, HollandDoor-ის წარმომადგენელი და ხილისა და ბოსტნეულის წარმოების სპეციალისტი.

მიკრო-კლიმატის შექმნა და მართვა სათბურებში და სასუქების სწორად გამოყენება – ტრენინგი ამ ორ ძირითად თემას მოიცავდა. ერთი დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, მეორე დღე კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას. ამასთან, ტრენერებმა დაათვალიერეს მონაწილე ფერმერების სათბურები და გასცეს რეკომენდაციები.

„სასურველია, ქართველმა ფერმერებმა მეტად გაიაზრონ მონაცემების შეგროვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა. მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის რეგულირების, ისე სხვა ღონისძიების დაგეგმვისათვის. მონაცემების დახმარებით, ფერმერებს შეეძლებათ არა მხოლოდ უხვი მოსავალი მიიღონ, არამედ გააუმჯობესონ მისი ხარისხი“, – ამბობს მარკ ვან სტოკუმი, HollandDoor-ის ტრენერი მიკროკლიმატისა და მავნებლების ინტეგრირებული მართვის საკითხებში.

https://www.youtube.com/watch?v=931T-NiqKGQ


მოწვეულმა ტრენერებმა აღნიშნეს ისიც, რომ ქართველ ფერმერებს აქვთ პოტენციალი ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების პროდუქციით, თუ ისინი ორიენტირებული იქნებიან ახალი მიდგომების დანერგვაზე.

„ვფიქრობ, საქართველოში აგრომეურნეობის მომავალი ძალიან დამაიმედებელია, თუ ის სწორი მიმართულებით განვითარდება. ქართველ ფერმერებს აქვთ დიდი პოტენციალი, გააუმჯობესონ მოსავალი, გაზარდონ თავიანთი სარგებელი და ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულით. შესაძლოა, სამომავლოდ საქართველომ არა მხოლოდ თვითკმარი პროდუქტების წარმოება, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიც შეძლოს“, – ამბობს გირთენ ვან დერ ლუჰტი, კონსულტანტი მცენარის კვებისა და ირიგაციის მიმართულებით.

https://www.youtube.com/watch?v=duQPwP5aEtQ


მეტი ხელმისაწვდომობისთვის ტრენინგი „მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში“ ორჯერ ჩატარდა – 30-31 მაისს ლაგოდეხში, 1-2 ივნისს კი მარნეულში.

„სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრი „აგრარიუმი“, რომელიც „აგროსფეროს“ ინიციატივით არც თუ ისე დიდი ხანია შეიქმნა, ფერმერებს კიდევ მრავალ პრაქტიკულ ტრენინგს შესთავაზებს. ჩვენი პროექტები გათვლილი იქნება არა მხოლოდ პარტნიორ ფერმერებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა და გამოიყენოს ის საკუთარ მეურნეობაში“, – ამბობს მარიამ მერაბიშვილი.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები